მესხიშვილი ტექდათვალიერებაზე: შსს-მ გადადგა ძალიან საჭირო ნაბიჯი, თუმცა რეფორმაზე შეკითხვები რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით, ჩვენი მწვავე შეფასებები გაითვალისწინა და ძალიან საჭირო ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა ტექდათვალიერების რეფორმაზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საუბარია ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვაზე, რასაც მესხიშვილი დადებითად აფასებს.
„ადრე შევაფასე, რომ ტექდათვალიერების პირველი ეტაპი იყო ჩავარდნილი. ეს იქიდან გამომდიანრეობდა, რომ კანონის აღსრულება ძალიან სუსტად იყო წარმოდგენლი.
პრაქტიკულად კანონის აღსრულება ვერ ხდებოდა. ჩვენ ვხედავდით გზებზე იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებმაც გაიარეს ტექნიკური ინსპექტირება და კვლავ იყვნენ შეუსაბამო, გამოიყურებოდნენ საფრთხის შემცველად, ვიზუალურადაც კი. მეორე საკითხი იყო ის, რომ სატრანსპორტო საშუალებები საერთოდ არ აკითხვადნენ ინსპექტირების ცენტრებს. დღეს გვაქვს სხვა რეალობა. მაშინ ჩვენ ძალიან მწვავე შეფასება გავაკეთეთ. დღეს დადებითით მინდა დავიწყო: შსს-მ გაითვალისწინა ჩვენი მწვავე შეფასებები კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით და ე.წ. ჭკვიან კამერებში ჩართულია პროგრამა, რომელიც ახდენს სანომრე ნიშნის ამოცნობას სატრანსპორტო საშუალებაზე და შემდეგ ბაზაში გადამოწმებას ახერხებს. ამან გარკვეულწილად გაზარდა მისვლა ინსპექტირების ცენტრებში. რამდენადაც ვიცი, 5-ჯერ არის გაზრდილი. შესაბამისად, ამ ნაწილში კანონის აღსრულება გამოიკვეთა და შსს-მ გადადგა ძალიან საჭირო ნაბიჯი“, – განაცხადა მესხიშვილმა.
მისივე თქმით, რეფორმის მიმდინარეობის პროცესში კითხვები ისევ რჩება.
„ჩვენ აქ გვაქვს რამდენიმე შეკითხვა, იგივე შსს-ს მიმართულებით – შემდეგში როგორ იქნება კანონის აღსეულება?
თუ გაიარა სატრანსპორტო საშუალებამ ტექდათვალიერება და ჩვენ ვხედავთ გზაზე ისევ დაზიანებულს, ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა გამოვიდეს წყობიდან სატრანსპორტო საშუალება ან საქარე მინა დაუზიანდეს, ან გამონაბოლქვი წარმოიქმნას, ამ შემთხვევაში მათი რეაგირება როგორი იქნება? რამდენად ეფექტიანი მექანიზმები ექნებათ?
კვლავ გვაქვს კითხვის ნიშნები საწვავის ხარისხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისგან ვერ ვიგებთ, რა ტიპის მონიტორინგი წარმოებს, როგორ ხდება საწვავის შემოწმება. ჩვენი ინფრომაციით, იმპორტის დროს საწვავი ნორმალურ შესაბამისობაშია ხარისხთან, მაგრამ როცა ავზებში ხვდება, იქ ხდება მათი დაბინძურება. თავად ავზია დაბინძურებული.
ასევე ჩვენ ინსპექტირების ცენტრების თანამშრომლების საერთაშორისო ექსპერტების მიერ გადამზადებას ვითხოვდით. შესაძლოა, მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგრამ საერთაშორისო და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს უფრო აქტიური და ხდებოდეს მათი გადამზადება. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, არსებობს საერთაშორისო გამოცდილაბა, ინსპექტორების რეიტინგებთან დაკავშირებით. დგება რეიტინგი, ამას აკეთებს პროგრამა. თუ ინსპექტორს აქვს მაღალი მაჩვენებელი ჩაგდების ან პირიქით, არის მაღალი მაჩვენებელი იმისა, რომ ყველა გაატარა, ამ შემთხვევაში, ჩნდება ხოლმე კითხვები. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით დგება ინსპექტორების რეიტინგი და თუ საეჭვოა მონაცემები, შეისწავლიან, რატომ ხდება ისე, რომ ინსპექტორმა ყველა ჩააგდო ან ყველა გაატარა, ხომ არ არის რაიმე კორუფციული ინტერესი?“- განაცხადა მესხიშვილმა.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ ჭკვიანი კამერების მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები