„თითქმის ყოველი მეორე ავტომობილი ხარვეზდება”-როგორ მიმდინარეობს ტექდათვალიერების პროცესი
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, 1-ელი იანვრიდან დღემდე ტედათვალიერება დაახლოებით 50 000-მა ავტომობილმა გაიარა.
მისი თქმით, თითქმის ყოველი მეორე ავტომობილი ხარვეზდება. აღნიშნულთან დაკავშირებით იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ტექინსპექტირება დაახლოებით 50 000-მა ავტოსანტრანსპორტო საშუალებამ გაიარა, დახარვეზებულია 46%. თითქმის ყოველი მეორე ავტომობილი ხარვეზდება.
დახარვეზების ძირითადი ელემენტებია ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგენილი ხარვეზები. მინდა, მოვუწოდო მძღოლებს, ეს ელემენტარულად თავადაც შეუძლიათ, გადაამოწმონ , ვიდრე მიიყვანენ ავტომობილს ინსპექტირების ცენტრში . კერძოდ, საუბარია მაშუქ ფარებზე, საბურავებზე, საქარე მინაზე, უსაფრთხოების ღვედებზე, უსაფრთხოების ბალიშებზე, ელექტრონულ დაფაზე სალონში, სადაც ხელსაწყოთა ინდიკატორებია განთავსებული. ეს ის ხარვეზებია, რომელიც მძღოლს შეუძლია, დამოუკიდებლად, ინსპექტირების ცენტრში მისვლამდეც აღმოაჩინოს და გამოასწოროს. იქ მისულს , როცა ასეთი ტიპის ხარვეზებს უდგენენ, უწევს განმეორებით ინსპექტირებაზე მისვლა , რაც დამატებით რესურსს მოითხოვს, ამის გამოც არის რიგები. რაც გამზომ ხელსაწყოებზე მოწმდება, იმის შემოწმებას თავად ვერ შეძლებენ , ესაა გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა და მაშუქი ფარები“- განაცხადა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, ინსპექტირების ცენტრებში რიგებია.
„თუ დეკემბერში ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა საქართველოს მასშტაბით, დღეში 700-800 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო, ახლა ეს მონაცემი 4 000-ს შეადგენს. ანუ მიმართვიანობა 5-ჯერაა გაზრდილი. ეს გამოწვეულია პირველ რიგში, იმით, რომ 1-ელი იანვრიდან ყველასთვის ინსპექტირების ვალდებულება დაიწყო და 14 იანვრიდან „ჭკვიანი კამერები“ ჩაირთო, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აჯარიმებს ინსპექტირებადარღვეულ სატრანსპორტო საშუალებებს. 14 იანვრის შემდეგ განსაკუთრებით შეინიშნება მიმართვიანობის გაზრდა და
ფაქტობრივად ყველამ, იმის გამო, რომ არ დაჯარიმებულიყო, მიაკითხა ინსპექტირების ცენტრებს, რამაც გამოიწვია გარკვეული რიგები. თუ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ მოცდის პერიოდი 20-30 წუთი უნდა ყოფილიყო, დღეს არის ერთი საათის მოცდის რეჟიმი. ამან გამოიწვია ის, რომ რიგ ცენტრებში დაჯავშნის სერვისი გაუქმდა, თუმცა, გუშინდელი დღიდან შეინიშნება კლება და ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ცენტრმა აღადგინა დაჯავშნის მექანიზმი“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელი პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვას დადებითად აფასებს.
„ჭკვიანი კამერების ჩართვა პროცესში პოზიტიური ნაბიჯია. აქამდე ადმინისტრირება მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟის ხელში იყო, ეს არაეფექტურია , რადგან წარმოუდგენელია პატრულის ეკიპაჟმა აკონტროლოს გზებზე მილიონზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება , შესბამისად ჭკვიან კამერებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად ავტომობილების სანომრე ნიშნის მიხედვით გადაამოწმონ ავტომობილის ინსპექტირების ვადები და დამოუკიდებლად განსაზღვრონ ადმინისტრირება“- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით ჯარიმდებიან. ტექნიკური ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში მძღოლები ყოველ 30 დღეში დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ ჭკვიანი კამერების მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.
თამუნა შეყილაძე