გოჩა ენუქიძე: ვიმედოვნებ, ეკონომიკური ფორუმი ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ეხმაურება.
გოჩა ენუქიძის თქმით, დავოსის ეკონომიკური ფორმატი ბიზნესისა და საინვესტიციო ბაზრის მიმზიდველობის ასპექტების სწორად წამოჩენის შესაძლებლობას იძლევა:
„დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის შესაძლებლობა, რომლითაც შეგვიძლია მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, გავაძლიეროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე. ვიმედოვნებ, ეკონომიკური ფორუმი ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის. ფორუმის ფორმატი გვაძლევს საშუალებას, სწორად წარმოვაჩინოთ ბიზნესისა და საინვესტიციო ბაზრის მიმზიდველობის ასპექტები.
დამატებითი უცხოური ინვესტიციები არის სწორედ ის ფინანსური კაპიტალი, რომლის მოზიდვის შედეგადაც შევძლებთ, არსებული რესურსების მაქსიმალურ რეალიზებას. დარწმუნებული ვარ, პრემიერის მონაწილეობა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, დიდწილად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების, გამოწვევებისა და პერსპექტივების რელევანტურ გადაჭრას“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი 22 იანვარს დაიწყო და 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის ხელმძღვანელი, ხოლო საერთო ჯამში 110 ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, მეცნიერი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.