კანადაში საქართველოს ელჩმა ეროვნულ არქივს ნიკო აფხაზის საარქივო მასალები გადასცა

საქართველოს ეროვნულ არქივში ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის ვაჟის, ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის, ნიკო აფხაზის არქივის მასალების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ კანადაში მოძიებული მასალები ეროვნული არქივის დირექტორს თეონა იაშვილს გადასცა.
2017 წლიდან კანადაში საქართველოს საელჩო მუშაობს პროექტზე, რომელიც ნიკო აფხაზის კანადაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ნიკო აფხაზი, დედასთან ელენე იოსელიანთან ერთად, პარიზს გაიხიზნა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნიკო საფრანგეთის ჯარში გაიწვიეს, 1940 წელს ქალაქ ბურჟთან ბრძოლისას იგი გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა და ოთხი წელი ჰანოვერთან ახლოს მდებარე სამხედრო ტყვეთა ბანაკში გაატარა. 1946 წელს ნიკო საფრანგეთიდან კანადაში გაემგზავრა, სადაც თავის ახალგაზრდობის მეგობარზე, ბრიტანელ პეგი პემბერტონ-კარტერზე იქორწინა. ნიკო და პეგი კანადის ერთ-ერთი პროვინციის ბრიტანეთის კოლუმბიის დედაქალაქ ვიქტორიაში დასახლდნენ, მოზრდილი მიწის ნაკვეთი შეიძინეს და უნიკალური ბოტანიკური ბაღი გააშენეს, რომელიც დღეს „აფხაზის ბაღის“ სახელით არის ცნობილი.
ნიკო და პეგი აფხაზების გარდაცვალების შემდეგ, ბაღმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, 2000 წელს კანადურ სამშენებლო კომპანიას ბაღის ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აგებაც კი უნდოდა, თუმცა, ამის წინააღმდეგი ვიქტორიას მოსახლეობა წავიდა. მათი დახმარებით ბრიტანეთის კოლუმბიის მიწის კონსერვაციის ორგანიზაციამ (TLC) საჭირო თანხა შეაგროვა და კომპანიისგან ბაღი გამოისყიდა. დღეს TLC ნაკვეთის ოფიციალური მფლობელია და შემოწირულობების მეშვეობით ინახავს აფხაზების ბაღსა და საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამჟამად პატარა კაფეა განთავსებული.
2017 წელს აფხაზების სახლში საქართველოს ელჩმა პირველად გამართა ქართული მიღება, რომელზეც „აფხაზის ბაღის“ მფლობელი ორგანიზაციისა და ბაღის მეგობართა საზოგადოების წევრები, ბაღის მომვლელი მოხალისეები და აფხაზების ოჯახის მეგობრები იყვნენ მოწვეულნი. ამით ელჩს სურდა მადლობა გადაეხადა ყველასთვის, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ბაღის გადარჩენის, შენარჩუნების, მოვლისა და განვითარების საქმეში.
ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ ნიკო აფხაზი ქართველი იყო და მას რუს თავადად მოიხსენიებდა. ამიტომ, დამსწრეებისთვის ელჩმა მოაწყო პრეზენტაცია, რომელშიც ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, ქართულ ენასა და ანბანზე, ქრისტიანობაზე, ილია ჭავჭავაძესა და აფხაზების ოჯახზე, პირველი რესპუბლიკის დაფუძნებაზე, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე, კოტე აფხაზის ღვაწლზე.
2018 წელს საელჩომ დაიწყო ვიქტორიას უნივერსიტეტში დაცული აფხაზების საოჯახო არქივის შესწავლა, თავისი ხარჯებით შეიძინა ნიკოსა და პეგის ფოტოების ასლები. გარკვეული მასალები საელჩოს TLC-ის დირექტორმა ქეისი არმსტრონგმა გადასცა, ფოტოების ერთი ნაწილი კი, პეგი აფხაზზე 2002 წელს დაწერილი წიგნის ავტორმა ქეთრინ გორდონმა უსახსოვრა.
კანადაში საქართველოს საელჩომ პატრონაჟი აიღო ვიქტორიაში მდებარე აფხაზების ბაღზე და ამასთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფინანსებით გამოსცა ინგლისურენოვანი ბროშურა ნიკო აფხაზის შესახებ, რომელშიც ასახულია ინფორმაცია აფხაზების ოჯახის, ასევე, საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ბუნების, არქიტექტურული მემკვიდრეობის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ.
ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი მიესალმა ნიკო აფხაზის არქივის ნაწილის ეროვნული არქივისთვის გადაცემას და განაცხადა, რომ არქივისთვის მნიშვნელოვანია კოტე აფხაზის ოჯახთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ნიკოლოზ აფხაზის შესახებ პრაქტიკულად ცნობები არ მოიპოვება.
ელჩმა და ეროვნული არქივის დირექტორმა ასევე განიხილეს საქართველოს ეროვნულ არქივსა და კანადის სხვადასხვა პროვინციის არქივებს შორის თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები