ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა

 2018 წელს, ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნამოსახლარის ნაგებობათა სამშენებლო წყობა, კირხსნარი და კარ-ნიშთა წყობაში აგურის გამოყენება ნაგებობებს გვიანდელ შუა საუკუნეების ნაგებობათა ჯგუფში აყენებს. ნაგებობათა კედლებში ნიშების ჩართვა ასევე დამახასიათებელია გვიანშუა საუკუნეების საერო ნაგებობებისთვის, განსაკუთრებით ეს ითქმის მე-17-18 სს.
„ნაგებობებში აღმოჩენილი კერამიკა დამახასიათებელია მე-17-18 საუკუნეების ნაწარმისა. მსგავსი ჭურჭელი აღმოჩენილია თბილისში, ქვემო ქართლში, კახეთის ტერიტორიაზე, გვიანშუა საუკუნეებით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე. ამდენად, ნავდარაანთკარის ნამოსახლარზე შესწავლილი ნაგებობები, შეგვიძლია მე-17-18 საუკუნის ნაშთებად მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ მოყვითალო თიხნარ ფენაში, მიწის თანამედროვეე ზედაპირიდან 0,8 მ-ის სიღრმეზე დადასტურდა ქვის ხელცული, რომელსაც პირზე ანატკეცები ეტყობა. აღნიშნული ხელცული არ ეკუთვნის არც გვიანშუა საუკუნეების ნამოსახლარს და არც სამარხეულ ინვენტარს წარმოადგენს. ორმოსამარხთა ნაშთებში დადასტურებული კერამიკული ფრაგმენტების მიხედვით, ისინი გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდით უნდა დათარიღდნენ.
სამარხები სისტემატიურად ნადგურდებოდა და იძარცვებოდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მათ შორის გვიანშუა საუკუნეებშიც. ფაქტია, რომ გვიანშუასაუკუნეების ნაგებობების ნაწილი გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის სამაროვნის ტერიტორიაზეა გამართული. როგორც ჩანს გვიანშუასაუკუნეებში წარმოებულმა სამშენებლო პროცესებმა ხელი შეუწყო აღნიშნული სამაროვნის ძარცვა-განადგურებას. ამ ფაქტს ამოწმებს ისიც, რომ სამაროვნის ტერიტორიაზე, ჰუმუსური ფენის მოხსნის დროს, ნაშალ ფენაში და მოყვითალო-თიხნარ ფენაში, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კერამიკის უსახურ ფრაგმენტებთან ერთად გვხვდებოდა შუა საუკუნეების და მათ შორის გვიანშუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კერამიკის უსახური ფრაგმენტებიც“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნავდარაანთკარის სამხრეთით, საგურამოს ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ადგილ დიდველზე. წარმოადგენს ბუნებრივი ხევის დასავლეთით მდებარე ტაფობს, რომელზეც, დაახლოებით 80 ჰექტარზე, გაშლილია გვიანშუა საუკუნეების ნამოსახლარი: სათავდაცვო კოშკი, ორი ეკლესია, სავარაუდო მარანი, საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოები. ყველა მათგანი ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. სავარაუდოდ, ნაგებობები ფეოდალის კომპლექსის შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს.
შემსრულებელი კომპანია: ააიპ „ბონი“; ექსპედიციის ხელმძღვანელი: ვერა ჩიხლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები