,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელი: ტურისტების ზრდამ დაგვანახა, რომ ბაკურიანი საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას განიცდის
,,დაწყებულია კოხტა-მიტარბის ხელოვნური გათოვლიანების პროექტირება და უახლოეს 2 წელიწადში, საბოლოოდ გადაიჭრება “კოხტა-მიტარბის” უთოვლობის პრობლემა”, – ამის შესახებ “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელის, თამაზ გამცემლიძის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც გამცემლიძე აღნიშნავს, ტურისტების ზრდამ ნათლად აჩვენა, რომ ბაკურიანი განიცდის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას, რომელთა დამატებასაც ასევე უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ.
„ორი სიტყვით მინდა მივმართო ბაკურიანის დამსვენებელს და ბოდიში მოვუხადო შექმნილი დისკომფორტის გამო. პირველ რიგში, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანის შრომამ შედეგი გამოიღო და ტურისტების ნაკადმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, განხორციელდა უამრავი ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა დამსვენებელთა მატებამ პრობლემები შექმნა სხვადასხვა სფეროში. ეს პრობლემები განსაკუთრებით თვალნათლივ ბაკურიანში გამოიკვეთა. ძალიან ბევრ დამსვენებელს, სამწუხაროდ, დაემატა რამდენიმედღიანი ქარიშხლები, რის გამოც გაითიშა დიდველის საბაგიროები, ამიტომ მთელი დატვირთვა გადავიდა “კოხტა-მიტარბის” სასრიალო არეალზე, რამაც წარმოქმნა რიგები სალაროებთან და სადგურებთან, ასევე, პრობლემები შეექმნა სასრიალო ტრასებს (თოვლის ნაკლებობის გამო).
მინდა გითხრათ, რომ დაწყებულია კოხტა-მიტარბის ხელოვნური გათოვლიანების პროექტირება და უახლოეს 2 წელიწადში, საბოლოოდ გადაიჭრება “კოხტა-მიტარბის” უთოვლობის პრობლემა. ასევე, ტურისტების ზრდამ ნათლად დაგვანახა, რომ ბაკურიანი განიცდის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას, რომელთა დამატებასაც ასევე უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბაკურიანის ცენტრში (კინოთეატრის შენობაში) გახსნილია ტურისტების მომსახურების ცენტრი, სადაც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სასრიალო აბონემენტები. უახლოეს ხანში, კიდევ დაემატება გაყიდვების წერტილები და ამუშავდება ახალი “ონლაინ” გაყიდვების სისტემა. მოკლედ, მინდა გითხრათ რომ, მთავრობასთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტებზე და პრობლემების გადაჭრაზე, ოთხივე ზამთრის კურორტზე, რაც ძალიან მალე დადებითად აისახება საქართველოს სათხილამურო არეალებზე.
პატივისცემით და მომავლის იმედით, გილოცავთ დამდეგ შობას, სიკეთის და განვითარების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის 2019 წელი“, – ნათქვამია განცხადებაში.