პოლიტპატიმარი: თეა წულუკიანი გვატყუებს

რა პრეტენზიები აქვს მერაბ გორგაძეს იუსტიციის მინისტრთან?

   ყოფილი პოლიტპატიმარი იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს – თეა წულუკიანს უყურადღებობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. როგორც „კვირას“ სასაზღვრო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის ყოფილმა თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში და ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ გორგაძემ განუცხადა, იუსტიციის მინისტრი ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიცემულ დაპირებას დღემდე არ ასრულებს, რის გამოც პოლიტპატიმრებს საშუალება არა აქვთ საკუთარ ქვეყნაში იპოვონ სამართალი. მერაბ გორგაძე წულუკიანს საკუთარ დაპირებას ახსენებს და ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.1615156_705633416148172_434084484_n
„ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ საფუძვლიანი პრეტენზია გაგვაჩნია არამარტო მე, არამედ ბევრ პოლიტპატიმარსა და უდანაშაულო ადამიანს. არჩევნების შემდეგ ქალბატონმა თეამ ბრძანა, რომ სტარსბურგიდან წამოიღებდა საქმეებს და ჩვენ, წინა ხელისუფლებისგან რეპრესირებულ ადამიანებს, საკუთარ ქვეყანაში სამართლის პოვნის საშუალება მოგვეცემოდა. ამას, მისი თქმით, გააკეთებდა ხარვეზების დამდგენი კომისია, მაგრამ არათუ კომისია არ შეიქმნა, ჩვენ დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ მინისტრს ჩვენთან შეხვედრაც არ უნდა. ათეულობით განცხადება დავწერე მასთან შეხვედრის თხოვნით, მაგრამ ამაოდ“,- განაცხადა მერაბ გორგაძემ.
ყოფილი პოლიტპატიმარი, დღეს საკუთარი უფლებების დასაცავად, სტრასბურგის სასამართლოში იბრძვის. სარჩელის თანახმად, ის კომპენსაციის სახით 300 000 ევროს ითხოვს. სასაზღვრო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის ყოფილი თანაშემწემე იურიდიულ საკითხებში 2009 წლის 5 ივლისს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, რასაც მოგვიანებით მეორე ბრალი – ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა – შენახვაც დაემატა. პირველი ბრალი – ყაჩაღობა მოგვიანებით მუქარად გადაკვალიფიცირდა. ბრალდებულმა კი საქმის გასაჩივრება დაიწყო. როგორც გორგაძე განმარტავს, საქმის გასაჩივრების შემდეგ ის პროკურატურაში დაიბარეს და საქმის გამოძიების შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრნენ.
„2009 წელს ყაჩაღობის, ბრალდების გასაჩივრება რომ დავიწყე, პროკურატურაში დამიბარეს და მითხრეს, თუ არ შეეშვები მაგის გასაჩივრებას, უარესი მოგივაო. შემდეგ ნარკოტიკი ჩამიდეს. რომც მქონოდა ნარკოტიკი, 0,5 გრამი ნარკოტიკის შეძენა – შენახვა მედება ოფიციალურად ბრალად და ამისთვის 11 წელი მომისაჯეს“, – აცხადებს მერაბ გორგაძე. ყოფილი პოლიტპატიმარი ნარკოტიკების ჩადებაში სოდის ყოფილ ხელძღვანელს – კახიძეს და მისი საქმეების პროკურორებს: დავით ჭარბაძესა და ავთანდილ კოჭლამაზაშვილს ადანაშაულებს.
„ჩემი პირველი საქმის პროკურორი იყო დავით ჭარბაძე და მეორესი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, რომელიც დღესაც პროკურატურაში მუშაობს. თბილისშია ახლა, დააწინაურეს. ამ ორი ადამიანის და სოდის მაშინდელი უფროსის, კახიძის დაგეგმილია ჩემთვის ნარკოტიკის ჩადება. რის გამოც ციხეში 3 წელიწადნახევრის გატარება მომიხდა და მხოლოდ ამნისტიის შედეგად გავთავისუფლდი“,- აცხადებს მერაბ გორგაძე.
მერაბ გორგაძემ სტრასბურგის სასამართლოში საქმე ორი მიმართულებით გაასაჩივრა. ერთი მიმართულება მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, მეორე კი მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები აღმოჩნდა. სტრასბურგის სასამართლომ ორივე მიმართულებით საქმე წარმოებაში მიიღო. „ჩემი დაკავების დროს სოდის მხრიდან ჩემზე განხორციელდა ისეთი წამება, რომ იზოლატორიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადამიყვანეს და ძლივს გადავრჩი. სტრასბურგში გადაგზავნილ სარჩელში მე და ჩემს ადვოკატს კომპენსაციად 300 000 ევრო გვაქვს დაფიქსირებული. სტრასბურგის სასამართლომ ქართულ მხარეს გამოუგზავნა რეკომენდაცია, რომ მოახდინოს ჩემთან მორიგება. ძალიან ბევრი წერილი მქონდა იუსტიციის სამინისტროს და, პირადად, თეა წულუკიანის სახელზე დაწერილი, მაგრამ თეა წულუკიანამდე ვერაფრით ვერ მივედი. ვიყავი ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენელთან – ლევან მასხორაძესთან. მასხორაძემ კომპენსაციად 2,500 ევრო შემომთავაზა. ევროსასამართლოს 3-4 წელი მაინც სჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დადგეს. მასხორაძემ საუბრისას აქცენტი ამ ვადებზე გააკეთა. მარწმუნებდა, რომ საქმე გამომეტანა სტრასბურგიდან. მეუბნებოდა, საქართველოში გააცოცხლებ საქმეს ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამოო. უნდოდა, იქიდან გამოვეყვანე და ისევ ჩვენს სასამართლო სისტემაში ამომეყო თავი. მე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. ამის მერე მან კომპენსაციად 5,000 ევრო შემომთავაზა. მე კიდევ სტრასბურგში გადაგზავნილ სარჩელში დაფიქსირებული მაქვს კომპენსაციად 300 000 ევრო. ბატონ ლევანთან მოლაპარაკება ვერ შედგა“,- განაცხადა მერაბ გორგაძემ. მასხორაშვილთან შეხვედრის შემდეგ, 3 დღეში, ყოფილი პოლიტპატიმარი თეა წულუკიანის მრჩეველმა თათია ხოჭოლავამ შეხვედრაზე დაიბარა.1499788_705633412814839_1265960117_n
„თათია ხოჭოლავა კურირებს წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა საკითხებს. დამპირდა, რომ ყველანაირად დამეხმარება, მაგრამ მე დასახმარებელი არაფერი მჭირს, მე სიმართლის დადგენა მინდა. წამოვედი შეხვედრიდან იმ შეთანხმებით, რომ ამ თათიას ჩემს საქმეზე დასკვნა უნდა დაედო და ჩემი საკითხი 5 დღეში უნდა შესულიყო წულუკიანთან. იმ შეხვედრაზე ისიც ვთქვი, რომ თუ მაინცდამაინც ფული უჭირს სახელმწიფოს, არც ერთი კაპიკი არ მითდა-მეთქი, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც სხვა ზომები მაინც გაატარო? ან ის პირები დასაჯონ, ვინც ლამის სიკვდილის პირამდე მიმიყვანა. ან სამსახურის პოვნაში და დასაქმებაში დაგვეხმარონ, რომ პოლიტპატიმრებმა საზოგადოებაში ინტეგრაცია შევძლოთ. ყველაზე მეტად კი ის გვინდა, რომ ხარვეზების დამდგენი კომისია შეიქმნას და ყველა ჩვენგანის საქმე გულისყურით იქნას შესწავლილი. მთავარია სიმართლეს მივაღწიოთ“,- განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ გორგაძემ. მისი თქმით, პოლიტპატიმრებს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან კომუნიკაცია ან მრჩეველის, ან მასხორაძის საშუალებით უწევთ, რომელთა მუშაობითაც უკმაყოფილოები არიან. „ყველაფრის თავი და თავი არის თეა წულუკიანი. თუ წულუკიანი არ ფლობს სიატუციას, რას გველაპარაკებიან ჩვენ მისი თანამშრომლები. ეს მისი არაკომპეტენტურობის ბრალია, ან გვატყუებს. ხოლო თუ იცის და თვითონ ავალებს, რომ ასე მოგვექცნენ ყოფილ პოლიტპატიმრებს, ესეც არაკომპეტენტურობაა. მან იცის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ვადები გაწელილია, იცის ის, რომ ყველაფერ ამას სჭირდება ფული, რომელიც არ გაგვაჩნია, სჭირდება ადვოკატი და ასე შემდეგ… ამიტომ ის გვთავაზობს მინიმალურ კომპენსაციას და დაჩაგრული ხალხის ხარჯზე ფულის ეკონომიას აკეთებენ. სახელმწიფომ იცის, ჩვენ რა გაჭირვებულ დღეში ვართ, ზოგს ადვოკატის ფული არ აქვს. „ნაციონალებმა“ მილიონები წაიღეს და არავინ არაფერს სთხოვს და ეკონომიას ჩვენზე აკეთებენ“? – განაცხადა მერაბ გორგაძემ.

 

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები