კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი გაიხსნა

სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძის ტურისტულ პოტენციალზე და მთავრობის მიზანზე ისაუბრა.
“მახარებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად არსებული კლიმატური პირობებისა, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მცირე დროში მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რაც უფრო მეტ მსურველს მისცემს დასვენების, გართობის, კომფორტულად განთავსების საშუალებას. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის კი გაჩნდება მეტი დასაქმების რესურსი. დარწმუნებული ვარ, გოდერძი ძალიან მალე გახდება მსოფლიო დონის ზამთრის კურორტი და ნამდვილი აღმოჩენა ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
კურორტზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. არსებულ ორ დიდ, გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიროებს, ახალი სეზონიდან კიდევ ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა შეემატა. ამასთან, მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები. დასრულდა ახალი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 40 ადამიანი განთავსებაა შესაძლებელი. კურორტზე ხორციელდება 130 მლნ ლარამდე თანხის ინვესტიცია და მიმდინარეობს 19 პროექტი.
ზამთრის სეზონის საზეიმო ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგა ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა”. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა სპეციალურად მოწვეული DJ. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის”, მედიის წარმომადგენლები და ტურისტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები