კალა კალაძე: ჩემთვის თბილისის მერობა არის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიცია

„ჩემთვის პირადად თბილისის მერობა არის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიცია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძე განმარტავს, რომ მისთვის იოლი არ არის ის პასუხისმგებლობა, რასაც „დიდებული ქალაქის მერობა“ ანიჭებს.
„ამ დარბაზში დღეს ვართ თავშეყრილი ის ადამიანები, ვისაც ქალაქმა ანდო თავისი ბედი, დაგვაკისრა პასუხისმგებლობა თბილისის აწმყოსა და მომავალზე. თითქმის 3 ათეული წელია, ჩვენ დედაქალაქის დამახინჯების მოწმეები ვართ. პოლიტიკური ინტერესები თუ პირადი ანგარება ხელს უწყობდა წლიდან წლამდე თბილისის დაკარგვას. უმძიმესია დამოუკიდებლობის პერიოდში თბილისის თავზე გადავლილი ქარტეხილების მემკვიდრეობა და ამიტომ დღეს, ჩვენ – ქალაქის მეურვეები, ქალაქის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლები, ვალდებულები ვართ გაერთიანებული ძალებით, ერთმანეთის მხარდამხარ ვიმუშაოთ თბილისის საკეთილდღეოდ, შევქმნათ სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი სავსე ქალაქი.
თბილისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, მრავალეთნიკური, მრავალფეროვანი ქალაქია. აქედან გამომდინარე, არ არის იოლი, საკუთარ თავზე აიღო ამხელა პასუხისმგებლობა; პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის დედაქალაქის, მისი ისტორიის, მისი მომავლის წინაშე და იყო ამ დიდებული ქალაქის მერი. ჩემთვის პირადად თბილისის მერობა არის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიცია. მინდა, რომ ჩვენ ყველა – ვინც დღეს ამ დარბაზში ვიმყოფებით, ვიყოთ ერთსულოვნები და მოტივირებულები, მოვაწესრიგოთ ეს ქალაქი, დავუბრუნოთ ხიბლი, კომფორტულობა და თვითმყოფადობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები