„ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმებს შეესაბამება, 2019 წელს დიზელში გოგირდის შემცველობას გამოვიკვლევთ“

ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმებს შეესაბამება, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს.
მისივე ინფორმაციით, შემოწმება გაფრთხილების გარეშე მოხდა და ქვეყნის მასშტაბით, 240 სინჯი აიღეს.
„ჩვენ 240 სინჯი ავიღეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შერჩევითი წესით სინჯები ავიღეთ იმ სადგურებიდან, სადაც ინტენსიურად ხდება ავტომანქანების საავტომობილო ბენზინით გამართვა. ზოგ შემთხვევაში იყო მცირე სადგურები. ეს გაუფრთხილებლად მოხდა, სრულიად მოულოდნელად. კომპანიებმა კი არა, ჩვენმა თანამშრომლებმაც წინა დღეს არ იცოდნენ რომელ სადგურებზე უნდა შესულიყვნენ. დავფარეთ მთელი საქართველო, როგორც მსხვილი, ბრენდული სადგურები, ასევე, მცირე სადგურები. ვფიქრობ, საკმაოდ რეპრეზენტატულია ეს კვლევა, აქამდეც ვახორციელებდით კვლევებს, ეს უბრალოდ იყო მცირე რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც ახლა გავაკეთეთ. საბედნიეროდ, არც მაშინ ტყვია ბენზინში არ დაფიქსირებულა.
ტყვიის წყარო, რომელიც ადამიანებს უფიქსირდებათ, შეიძლება იყოს სხვა. სხვა წყაროები უნდა მოვძებნოთ იმისთვის, რომ დავადგინოთ, რატომაა ადამიანების სისხლში ტყვია“, – განაცხადა კორკოტაძემ.
მისივე თქმით, აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო.
როგორც ნელი კორკოტაძემ განაცხადა, 2019 წლის განმავლობაში დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის შესახებ კვლევას ჩაატარებენ.
„მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ კვლევებს სხვა დამაბინძურებელ ნივთიერებებზეც . საუბარია დიზელის საწვავზე. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა ეტაპობრივად ამკაცრებს საწვავში სხვადასხვა მავნე ნივთიერების შემცველობას. ბენზინი ევრო 5-ის დონეზე გვაქვს. დიზელის საწვავი ევრო 3-სა და ევრო 4-ს შორის გვაქვს. 2019 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობა იქნება 50 მილიგრამი კილოგრამზე, 2020 წლის იანვრიდან 10 მილიგრამი კილოგრამზე, ეს სრულად დაუახლოვდება ევროპულ ნორმებს. 2019 წლის განმავლობაში განვახორციელებთ დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის კვლევას“, – განაცხადა კორკოტაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები