„თეატრი, – ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ერთხელ თუ შეგეყარა, ვერასოდეს დაანებებ თავს“ – ინტერვიუ რეჟისორ გეგა ქურციკიძესთან
რეჟისორი გეგა ქურციკიძე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ჭიათურაში, ამჟამად, რუსთავის კულტურის ცენტრში საბავშვო-საყმაწვილო თეატრის რეჟისორი და ჭიათურის კულტურის ცენტრში თოჯინების თეატრის რეჟისორია. მთლიანობაში, მისი შემოქმედება 40-მდე სპეკტაკლს ითვლის. რეჟისორისთვის თეატრი ერთდროულად სამოთხისა და ჯოჯოხეთის ერთობაა. მისთვის წარმოუდგენელია ქრონიკული დაავადებისაგან თავის დაღწევა და საკუთარი ნებით, ეს არც არასოდეს უცდია. სწორედ გეგა ქურციკიძის ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
-ბავშობა და თეატრი, რა კავშირი აქვს ამ ორ სიტყვას თქვენთვის?
-თეატრში არ დავბადებულვარ, მაგრამ ნამდვილად იქ გავიზარდე, ფეხი ჭიათურის თეატრის სცენაზე ავიდგი. მთელი ჩემი სკოლის პერიოდი და ახალგაზრდობა სცენაზე გავატარე. თავიდან, რეჟისორობას არ ვაპირებდი, მსახიობობა მინდოდა. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ოჯახს ერჩივნა სამედიცინოზე ჩამებარებია. სკოლა ძალიან პატარამ დავამთავრე, თხუთმეტი წლის ვიყავი, ვერ დავიცავი ჩემი პრინციპები ისე, როგორც საჭირო იყო და 5 წელი სამედიცინოზე ვისწავლე.
-თუმცა საბოლოოდ, მაინც იმ სფეროს დაუბრუნდით, რომელიც გიყვარდათ. როგორ?
-მე, საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ სამედიცინო სფეროში იმ სიამოვნებას ვერ მივიღებდი, რასაც თეატრი მომცემდა. კვლავ ჭიათურის თეატრში დავბრუნდი მსახიობად. ნანა დემეტრაშვილი იყო მაშინ თეატრალური უნივერსიტეტის თავმჯდომარე და ჭიათურის თეატრის მთავარი რეჟისორი. იცოდა ჩემი მისწრაფებები თეატრის კუთხით და მან შემომთავაზა – ხომ არ იფიქრებდი რეჟისურაზეო? მეც, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. 1998 წელში თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, გია ჟორდანიას გუნდში სარეჟისორო ფაკულტეტზე მოვხვდი. შემდეგ გავხდი ლექტორი, ავიყვანე ჯგუფი თეატრალურ უნივერსიტეტში. ჭიათურის ჯგუფი, რომელიც ჩემი ინიციატივით და ჭიათურის მერიის მხარდაჭერით შედგა და მთლიანად მათ დააფინანსეს. ჯგუფი ათი კაცისგან შედგებოდა, რომელსაც სამსახიობო ოსტატობას 4 წელი ვასწავლიდით თეატრალურში. ისინი დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში და დღეს თეატრში არიან. პრინციპში, ასე დავიწყე და დღემდე ამ საქმეს ვაკეთებ.
-პირველი სპეკტაკლი, რომელიც თქვენი რეჟისორობით დაიდგა…
-ჩემი რეჟისორობით, შეიძლება ითქვას, ეს არიყო სპეკტაკლი. შემომთავაზეს ღონისძიების ჩატარება 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს იყო საქალაქო ღონისძიება, რომელიც გიმნაზიაში ტარდებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც თავი დავანებე სამედიცინოს
და დავუბრუნდი თეატრს. ჩვენება ჭიათურის თეატრში შედგა და პირველად მაშინ ვიგრძენი ჩემი პროფესიის ხიბლი. მივხვდი, რომ ეს იყო საშუალება გადმოგეცა ყველაფერი, რაც საზოგადოებას, მე და თითოეულ ჩვენგანს აწუხებს.
-თქვენი აზრით, უბრალოდ რთულია თუ შეუძლებელი ამ სამყაროს დავიწყება და მიტოვება?
-თეატრი, როგორ გითხრა ჩემო კარგო, ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ერთხელ თუ შეგეყარა ადამიანს, ვერასოდეს ვერ დაანებებ თავს. აი იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცნაირად ახერხებენ ტოვებენ და მიდიან თეატრიდან, მაინც რჩებათ სიცარიელე, განუხორციელებელი და არარეალიზებული საქმის გამო. საოცარ ტკივილს და საოცარ სიშორეს გრძნობენ ამ პროფესიისგან. ჩემს პედაგოგს, ვასილ კიკნაძეს უყვარდა ერთი ფრაზის გამეორება: „თეატრი ეს არის ორგანიზმი, სადაც სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთად თავსდება“. ვფიქრობ, არის ამაში ლოგიკა. შესაბამისად, შეუძლებელია მიატოვო ეს სამყარო.
-ბუნებრივია, ვერც თქვენ თავს ხედავთ სხვაგან
-დიახ, ჩემი პირველი პროფესიიდან გამომდინარე, იყო სხვა შესაძლებლობებიც, მაგრამ ვერა, ვერა. აქ სხვაგანავარ, აქ უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობ, უდიდეს პასუხისმგებლობას და აქ ვარ ყველაზე კარგად. ისეთ დაღლას ვგრძნობ, მაგრამ ეს დაღლა ყველაზე სასიამოვნოა. არაფერი არ მაბედნიერებს ისე, როგორც ეს საქმიანობა.
-თქვენი რეჟისორობით დადგმული, რომელი სპეკტაკლით ამაყობთ ყველაზე მეტად?
-მაგალითად, ძალიან წარმატებული იყო ზუგდიდის თეატრში დადგმული სპეკტაკლი „დაბრუნება“, რომელიც „დურუჯზე“ იყო წარდგენილი მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში. ასევე მნიშვნელოვანია, დმანისის თეატრში დადგმული სპეკტაკლი „სისხლი“. ბაბუის მთავარი როლის შემსრულებელმა წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა. დამიდგამს სპეკტაკლები რუსთავის, ზუგდიდის, მოზარდ-მაყურებელთა, ქუთაისის, სამეფო უბნის თეატრებში. შეიძლება ითქვას, უკვე 40-
მდე სპეკტაკლი მაქვს დადგმული. ყველაზე დიდი წარმატება, ალბათ, მაინც ზუგდიდში დადგმული „დაბრუნებაა“.
-სად საქმიანობთ დღეს?
-ახლა რუსთავის კულტურის
ცენტრში ვარ, სადაც არის საბავშვო-საყმაწვილო თეატრი. ძირითადად, იქ ვარ, მაგრამ სხვადასხა თეატრში მაქვს დადგმები. ვარ ჭიათურის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრის რეჟისორი, ამ წუთში მაგალითად, ლიტერატურულ თეატრში ვმუშაობ, რომელიც ლიტერატურის მუზეუმშია, ღია შუშაბანდზე.
-ოცნება…
-ჩვენი, თეატრალების ყველაზე დიდი ოცნებაა ბევრი თეატრი, ბევრი სპეკტაკლი და რაც შეიძლება ბევრი მაყურებელი.
-საინტერესო თემაა მაყურებლები, გაჩნდა ვერსია, რომელსაც ბოლომდე არ ვეთანხმები, რომ ახალგაზრდები აღარ დადიან თეატრში, რას იტყვით თქვენ?
-იცით, სამოციან წლებში, როდესაც კინო და ტელევიზია ძალიან გააქტიურდა, აქტიურად საუბრობდნენ, რომ თეატრი მოკვდება, მომავალი არ აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს თეატრი ცოცხლობს და გაცილებით მეტია, ვიდე იყო, ვთქვათ, სამოციანებში. ჩემი აზრით, ახალგაზრდების, ასე ერთი გადახედვით, სიცოტავე, გამოსწორებადია. ახლა მოდის ის თაობა, რომლის დედები, მამები გაიზარდნენ 90-იან წლებში, ორიათასიანი წლების დასაწყისში, რა დროსაც ადამიანებს, არათუ, თეატრისთვის, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის არ ეცალათ, იმდენად დუხჭირი და აუტანელი იყო ცხოვრება. მათ თეატრის გემო, მთელი სისავსით არ შეუგრძვნიათ. თუ თქვენ არ იცით რაღაცის გემო, ვერ გადასცემ საკუთარ შვილს, შეიძლება ურჩიო, მაგრამ იმ მუხტს, იმ გემოვნებას ვერ გადასცემ. ამიტომ ეს დროებითი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორებადია.
ელენე ზაქაშვილი