ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს, რომლითაც საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა დაიგეგმა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ მომდევნო 3 თვის განმავლობაში განისაზღვრება ორმხრივი მოქმედებებისა და მათი განხორციელების კალენდარული გრაფიკი, რომლის საბოლოოდ შემუშავებულ დოკუმენტს მომდევნო წლის მარტში თბილისში მოეწერება ხელი.
სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე კი, თურქეთში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძეს სამუშაო ვიზიტისას, თურქეთის მხარესთან ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს, რომლითაც დაიგეგმა საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა.
თბილისში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში კი, განისაზღვრება ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გადაუდებელი სარეაბილიტაციო ჩარევის საჭიროების მქონე ქრისტიანული და მუსულმანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული სია.
სამოქმედო გეგმის ორმხრივი დოკუმენტი მომდევნო 4 წელზე გაწერილი ქმედებების პარალელურად განსაზღვრავს ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადებისა და სარეაბილიტაციო პროცესებში მონაწილე სპეციალისტების ვინაობებსა და მათი ჩართულობის ინტენსივობას. უახლოეს თვეებში კი საქართველოს დელეგაცია ოშკის სტრუქტურული მდგრადობის სამეცნიერო შესწავლისა და ტაძრის გუმბათის გამაგრებით პროცესსაც გაეცნობა, რომელიც მიმდინარე წლიდან უკვე დაწყებულია.
„ოშკის რესტავრაციის პროექტის მოსამზადებელ ეტაპს თურქეთის მხარე სრულად უზრუნველყოფს. მოსამზადებელი ეტაპი ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის სრულფასოვან შესწავლასა და სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე მისი რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობს. წინარეაბილიტაციო ეტაპზე თურქი არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ ქართველი კოლეგების პროექტით მომზადებული ძალოვანი ხარაჩოს მეშვეობით უკვე გამაგრდა ტაძრის გუმბათის ყელი. ოშკის კონსტრუქციული ნაწილის შესწავლა კი ზემგრძნობიარე დეტექტორებით ხორციელდება, რომლებიც ტაძრის მთლიან ქსოვილზეა განთავსებული.
მომდევნო 1 წლის განმავლობაში მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება ოშკის ყველა კონსტრუქციული ბზარის რეგრესული დინამიკა, დადგინდება მათი წარმოქმნის რეალური მიზეზები და პროგრესირების ხარისხი. სტრუქტურულ მონაცემებს სტამბოლში, სპეციალურად ოშკის ტაძრის სარესტავრაციოდ შეკრებილი სწავლულ ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს, რომელთა მეთოდოლოგიური რეკომენდაციების საფუძველზეც მომზადდება ოშკის სრულმასშტაბიანი სარესტავრაციო გეგმაც. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ოშკის ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარდება გეოლოგიური კვლევებიც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაგეგმილ არქეოლოგიური კვლევის პროცესს ქართველი არქეოლოგებიც დააკვირდებიან“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე მდებარე ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017 წლის 23 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდება, რომელიც 2 ქვეყანას შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები