სოფელ ცვანეს ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვის – დიხაგუძუბას საველე-არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა

 შპს „არქეო პლიუსმა“ 2018 წლის ივლის-აგვისტოში საველე-არქეოლოგიური სამუშაოები  ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვზე – დიხაგუძუბაზე.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელი ცვანე მრავალი წლის განმავლობაში ხან ანაკლიის, ხანაც ერგეტის ტერიტორიულ ერთეულში იყო გაერთიანებული.
შესაბამისად, აქ მიკვლეული არქეოლოგიური ობიექტები ანაკლიის, ერგეტის ან ანაკლია-ერგეტის არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთობლიობაში განიხილებოდა.
შეიძლება ითქვას, რომ ცვანეს დიხაგუძუბა ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული არქეოლოგიური ობიექტია ენგურ-რიონის ორმდინარეთში. გამოკვეთილ, თითქმის იდეალურად ნახევარსფეროსებრ ბორცვზე, გარშემო თხრილით, წარმოდგენილია 2500- წლიანი რამდენიმე სხვადასხვა პერიოდის (4 კულტურული ფენა) დასახლება.
უძველესი, მეოთხე ფენა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება და იგი დამწვარ-დანახშირებული ძელური ნაგებობის ნაშთებითაა წარმოდგენილი; მესამე კულტურული ფენა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მიწურულით თრიღდება და ის ასევე დამწვარ-დანახშირებული და სუსტად გამოსახული ბათქაშების ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი;
მეორე კულტურული ფენა ანტიკური ხანის დასაწყისის (ძვ.წ. VI-IV სს.) მძლავრი ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობების ნაშთებია და ადგილობრივ არტეფაქტებთან ერთად საბერძნეთიდან იმპორტირებულ სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტებს მოიცავს. აღსანიშნავია ორი ცალი მთელი რკინის თოხის აღმოჩენის ფაქტიც; პირველი კულტურული ფენა ელინისტური ხანით (ძვ.წ. III-I სს.) თარიღდება და დღეისათვის ის ყველაზე უფრო მძლავრად გამოსახული ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობის ნაშთებითაა წარმოდგენილი, შესაბამისი დროის არტეფაქტებით: კოლხური და ბერძნული ჭურჭელი, კრამიტები, საწაფი, რკინის ლურსმნები და სხვა. ნაგებობა, რომელიც პირველ კულტურულ ფენაში დაფიქსირდა, სავარაუდოდ საკულტო ხასითისა უნდა იყოს. ხოლო ბერძნული ჭურჭლის სიმრავლე აშკარას ხდის კოლხეთის მჭიდრო კავშირს ბერძნულ სამყაროსთან (ტაბ. 35).
ცვანეს დიხაგუძუბისადმი ინტერესს ზრდის ის გარემოებაც, რომ ის ზღვიდან 4,5 კმ-ით, ხოლო სოფლის ცენტრიდან 2,5 კმ-ითაა დაშორებული და ადვილად მისადგომია. მასთან ახლოს 200 მეტრში ცნობილი ოთხირეს მოგრძო დიხაგუძუბა და 400 მეტრში ასევე კოლხური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც მეორე სამაროვნის სახელითაა ცნობილი, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის არაერთი არტეფაქტია დაფიქსირებული. ამიტომ, აქ არქეოლოგიური გათხრების გაგრძელების შემთხვევაში, რომელიც მრავალწლიან და ფართომასტაბიან კვლევებს გულისხმობს, შესაძლებელს გახდის, იგი გამოყენებული იყოს არამარტო როგორც მეცნიერულად საკვლევი ობიექტი, არამედ შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება სასწავლო და ტურისტული მიმართულებითაც.
ხოლო უკვე დაგეგმილი და სამომავლოდ გათვალისწინებული ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პარალელურად შესაძლოა ცვანეს დიხაგუძუბის კვლევის მნიშვნელობა და აქტუალობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ექსპედიციის ხელმძღვანელია რევაზ პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები