ჩიკაგოში “მაკდონალდსის” 100-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს
ჩიკაგოში გამართულ საპროტესტო აქციაზე „მაკდონალდსის“ ასზე მეტი თანამშრომელი დააკავეს, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დემონსტრანტები სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებული ადამიანებისთვის ანაზღაურების მომატებას ითხოვდნენ. პოლიციის ინფორმაციით, აქციაში დაახლოებით 1500 ადამიანი მონაწილეობდა, დაუმორჩილებლობის ბრალდებით კი მათ, სულ მცირე, ასი მათგანი დააკავეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს დადგენილი წესების თანახმად, პროცედურების დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ, თუმცა რამდენიმე დღეში მათ სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევთ. „მაკდონალდსის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართოს, თუმცა მოგვიანებით კომპანიის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ეს აქცია დადგმული იყო.