დავით მაჭავარიანი ქუთაისის აეროპორტის ინციდენტზე – „ბოლომდე გამამართლეს”

დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იყო დაკავებული სასამართლომ გაამართლა.
ამის შესახებ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
“ესე იგი, ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ როგორ გამამართლა სასამართლომ!
ჩემს შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა მხოლოდ და მხოლოდ იმის დასადგენად, ვარღვევდი თუ არა საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს ქუთაისის აეროპორტში, რაც იწვევს პირის დაჯარიმებას 500-დან 1000-ლარამდე ოდენობით.
არანაირი წინასწარ დაგეგმილი თავდასხმის ორგანიზება და მსგავსი ტყუილები და ზღაპრები არ ყოფილა სასამართლოზე ნახსენებიც კი. აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიტყვა “თავდასხმა” ძალიან არასწორი შეფასებაა იმის, რაც იქ მოხდა რეალურად ინციდენტის მონაწილეებს შორის.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პატრულმა, კონკრეტულად ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა ჩემს მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა (სიტყვა-სიტყვით ასე წერია დადგენილებაში) და შესაბამისად, მოსამართლემ სხდომა გადადო და 10 დღიანი ვადა მისცა პატრულს, რომ წარმოედგინათ დამატებითი აუდიო ან ვიდეო მტკიცებულებები.
გავიდა 10 დღე და პატრულმა სხდომაზე წარმოადგინა საკმაოდ ვრცელი აუდიო და ვიდეო მასალა, რაც გამოიკვლია სასამართლომ, რომლის შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო დასტურდება, რომ დავით მაჭავარიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას არავის არ აყენებს (ესეც ასე წერია სიტყვა-სიტყვით დადგენილებაში) და რაც მთავარია, თვითონ პატრულის განმარტებით, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევის შედეგად, ის დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი არ უნდა ყოფილიყო (ასევე ზუსტი ციტირება დადგენილებიდან).
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ, ჩემს მიერ სამართალდარღვევის ფაქტი არ დასტურდება. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არაა (ასევე ზუსტი ციტირება). რის საფუძველზეც, სასამართლომ დაადგინა, რომ ჩემს მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო!!!!!!! (ისევ ზუსტი ციტირება) ანუ, მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ბოლომდე გამამართლეს!
ესე იგი სასამართლოს დადგენილებითაც დადასტურდა, რომ ელემენტარული სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიმიყენებია არავისთვის და პირიქით, კარგად გამოჩნდა და მოვისმინეთ, რომ ყველანაირად ვეცადე, რომ ინციდენტი განმუხტულიყო.
შესაბამისად, ეს დადგენილება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პირდაპირ და მოურიდებლად მიწოდეს ხან თავდამსხმელი, ხან კრიმინალი, ხან ზონდერი და ათასი სიბინძურე მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ ეს ყველაფერი, კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია იმისთვის, რომ გამოვიდნენ და მინიმუმ აღიარონ ამდენი ტყუილი და ცილისწამება!!!
დადგენილების მხოლოდ იმ მთავარ ნაწილებს დავურთავ, რაც მე მეხება, რადგან 8 გვერდიანი ახსნა-განმარტება იმის, თუ ზოგადად რის მიხედვით და რა გარემოებებით ხელმძღვანელობს სასამართლო.
კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ყველას გვერდში დგომისთვის. სიმართლეს დიდი ძალა აქვს!”, – წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები