გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს-ხორავას საქმის ხუთი გამომძიებლიდან რატომ დაკითხეთ მხოლოდ ერთი?

„ხორავას საქმის ხუთი გამომძიებლიდან რატომ დაკითხეთ მხოლოდ ერთი?“ – ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა კომისიის წევრებს ოპოზიციური პარტიიდან, პასუხისმგებლობა შეახსენა და მათი პოლიტიკურ მიზნების გამო გააკრიტიკა.
„მაქსიმალურად ვეცადე, რომ პოლიტიკურ კონტექსტში არ გავსულიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მქონოდა შესაძლებლად რბილი შეფასებები. როგორც ჩანს არასწორი სტრატეგია ავირჩიე. მოგეხსნებათ ამ კომისიის მუშაობაში ჩართული მეც ვიყავი. როდესაც თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ ყველაფერი დაადგინეთ – თქვენ ყველაფერს უბრალოდ ვერ დაადგენდით, იმიტომ, რომ თქვენ თავიდანვე გქონდათ აბსოლუტურად პოლიტიკური მიდგომა. თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 გამომძიებლიდან 1 დაკითხეთ მხოლოდ. ის ხალხი ვინც დაკითხეთ, გამოძიებასთან საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ.
ჩემზე უკეთესად იცით ის, რომ ადამიანები რომლებიც დაკითხეთ, სერტიფიცირებულებიც კი არ იყვნენ არასრულწლოვნების საქმის წარმოებისთვის. მე შემიძლია ასეთი მაგალითები ბევრი მოვიყვანო. პირველივე დღიდან თქვენ აირჩიეთ პოლიტიკური სპეკულირების ნაწილი და ეს იყო თქვენი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება თქვენ დღეს მე მიმტკიცებდეთ, რომ თქვენი კომისიის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად ობიექტური მაშინ, როდესაც რამდენიმე მარტივ შეკითხვას გისვამთ: რომელი ახლადგამოვლენილი ფაქტორი დაადგინა კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 გამომძიებლიდან რატომ დაკითხეთ ერთი. მე კომისიაზე ყოფნის დროს გითხარით, რომ ისე არ ქნათ, რომ კომისიის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნა არ დაგვჭირდეს-მეთქი. დღეს როდესაც ჩვეულებრივად გეუბნებით, რომ პასუხისმგებლობის გადანაწილების თემაა და არ გაკისრებთ მე თქვენ პასუხისმგებლობას და არც მქონია აზრად რაიმე გამოძიების დაწყება, უბრალოდ როდესაც თქვენმა ფრაქციამ აბსოლუტურად გააზრებულად აიღო უმრავლესობა ამ კომისიაში, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ პასუხისმგებლობაც აიღეთ. არ გქონდეთ იმის იმედი, რომ ეს ხვალ ვიღაცას დაავიწყდება, ისევე, როგორც არავის არ დაავიწყდება, რომ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა ეს ტრაგედია. კომისიის მუშაობამ ყველაზე დიდი პრობლემა შექმნა იმაში, რომ გააჩინა პოლიტიკური მოლოდინები მეტი არაფერი და შექმნა პოლიტიკური შეფასებები, იმის ნაცვლად, რომ რეალურად მისი ძირითადი მიზანი -სამოხელეო დანაშაულის არსებობა ან არარსებობა – დაედგინა, რაც თქვენი პასუხისმგებლობის თემაა, როგორც კომისიის თავმჯდომარის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები