გიორგი გახარიას ე.წ. ხორავას საქმის შესახებ უმრავლესობის წევრებმა კითხვები დაუსვეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები ხორავას საქმის შესახებ დაუსვეს.
ანრი ოხანაშვილი ე.წ. ხორავას საქმეზე დამატებითი ინფორმაციის არსებობით დაინტერესდა და შს მინისტრის პირდაპირ ჰკითხა: „შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი“.
„საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჩვენ დავადგინეთ, რომ არსებობდა ამ საქმის ირგვლივ მთელი რიგი ხარვეზები. ჩვენ დავადგინეთ, რომ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარდა დაგვიანებით. აქედან გამომდინარე გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაბამის მოხელეთა მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევას, კერძოდ, ვინმესთვის ხომ არ მოხდა ხელის დაფარება. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, შეისწავლა თუ არა აღნიშნული საკითხი შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ და მეორე – პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და რატომ არ იწყება გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით?
მეორე, მსურს შევეხო კონკრეტულ ეპიზოდს, დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიიღო პასუხი, თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე. ზაზა სარალიძე გვესწრება დღეს პარლამენტში და შესაბამისად, გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე ბატონ ზაზას, რა გამოიკვეთა დამატებითი გამოძიების ფარგლებში ამ მიმართულებით და შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.