ფარავნის ყორღანული ველის გეოარქეოლოგიური კვლევა განხორციელდა

 არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობამ“, 2018 წლის 10 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ჯავახეთში, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აწარმოა კომპლექსური გეოარქეოლოგიური დაზვერვები ფოტოგრამმეტრიული აეროგადაღებისა და GIS ტექნოლოგიების გამოყენებით.
ფარავნის ტბა მდებარეობს ჯავახეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2100მ. სიმაღლეზე. მის ირგვლივ მრავლადაა ძველი ნასახლარები, სამაროვნები, ყორღანები და სხვ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობის“ მიერ 2003-2007 წლებში მოხდა აქ მდებარე ადრეყორღანული ეპოქის ერთ-ერთი ყორღანის (ძვ. წ. აღ.-ის III ათასწლეულის) შესწავლა.
აღნიშნული ყორღანიდან აღებული ნიადაგის პალინოლოგიური ანალიზების მიხედვით, ადრეყორღანულ პერიოდში ფარავნის ტბის ირგვლივ გავრცელებული იყო ფართოფოთლოვანთა ტყე. დღევანდელთან შედარებით გაცილებით უფრო თბილი კლიმატი ხელს უწყობდა მიწათმოქმედების მძლავრ განვითარებას. ეს მონაცემები უმნიშვნელოვანესია პალეოგარემოს რეკონსტრუქციის თვალსაზრისითაც, რის შესახებაც ინფორმაცია აქ არსებული სამარხების შემდგომმა შესწავლამ უნდა მოგვცეს.
ჯავახეთში დაზვერვების შედეგად გამოვლენილი ყორღანების რაოდენობა, „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობის“ მონაცემებით, რამდენიმე ათეულს აღწევს. განსაკუთრებით მრავლადაა ისინი ტბა ფარვნის გარშემო. ამიტომ პირველ რიგში საჭიროდ ჩაითვალა, არსებული და სავარაუდო არქეოლოგიური ობიექტების კომპლექსური გეოარქეოლოგიური კვლევა ფოტოგრამმეტრიული აეროგადაღებისა და GIS ტექნოლოგიების გამოყენებით.
ბოლო წლებში არქეოლოგიაში ფართოდ გავრცელდა ინტერდისციპლინური კვლევები. ამ კვლევებიდან ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს დრონით აეროგადაღებები. ამ მეთოდით გადაღების შედეგად არქეოლოგებს საშუალება ეძლევათ, სიმაღლიდან გადაღებულ სურათებზე გამოავლინონ ის საეჭვო ადგილები, რომელიც შესაძლოა არქეოლოგიურ ობიექტებს წარმოადგენდნენ.
გეოარქეოლოგიური კვლევის დროს გამოყენებულ იქნა შემდეგი მეთოდოლოგიები:
დისტანციური ზონდირების (RS) მეთოდი და აეროფოტოგრამმეტრიული მეთოდი.
ჩატარებულმა სამუშაოებმა, რომელიც მოიცავდა ფარავნის ყორღანული ველის აეროფოტოგრამმეტრიულ გადაღებას, გეომონაცემთა ბაზის შექმნას და სატელიტური გამოსახულებების დეშიფრირებას, გვიჩვენა, რომ ეს მეთოდი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას დიდი ტერიტორიების გეოარქეოლოგიური დაზვერვების დროს. შექმნილი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს მაღალი გარჩევადობის ორთოფოტო და რელიეფის ციფრულ მოდელებს, არქეოლოგებისთვის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, არქეოლოგიური ობიექტების შესწავლის, წინა სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისა თუ გათხრების სწორად დაგეგმვის საქმეში. აღმოჩნდა ძალიან საინტერესო წყობის ყორღანული სამარხები, რომელთა შემდგომი შესწავლა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მოგვცემს ბრინჯაოს პერიოდის შესახებ როგორც ისტორიული, ასევე კლიმატის რეკონსტრუქციის თვალსაზრისითაც.
შემსრულებელი: „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ (ხელმ: ნინო პატარიძე)
პროექტის მონაწილეები : გეოგრაფი – აკაკი ნადარაია,არქეოლოგი – კახა კახიანი
მხარდამჭერები: კულტურული მემკვიდრეობის გარემოს კვლევის ცენტრი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები