ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო ძალების შეყვანას სთხოვს

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სასტიკი ბრძოლების ფონზე ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. ისინი რუსეთს სამშვიდობო ძალების შეყვანას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს დილით სულ მცირე რვა უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 18-მდე დაიჭრა.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, უკრაინელ ძალოვანებსა და სეპარატისტებს შორის შეტაკება ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნისა და დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახში მოხდა. ოლქის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰოსპიტალიზებულების “პოლიტიკური” ვინაობა არ არის ცნობილი, მათ შორის შესაძლოა, ასევე იყვნენ შეიარაღებული ფორმირებები. ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს მდივანმა ანდრეი პარუბიმ განაცხადა, რომ ასეთი ქმედებით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აქტივისტები ქალაქ ვოლნოვახის აღებას ცდილობდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ შეტევები განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდანაც.
ლუგანსკის ოლქის ლისიჩანსკის რაიონში დონეცკის ოლქის საზღვართან ახლოს ბრძოლები არ წყდება. ამჟამინდელი ინფორმაციით, ლუგანკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ააფეთქეს ხიდი. ლისიჩანსკში ვერტმფრენები დაფრინავენ. თვითმხილველთა თქმით, ერთ-ერთმა ვერტმფრენმა რაკეტები ისროლა. ადგილობრივი მაცხოვრებლები სახლებიდან არ გამოდიან. ამ ფონზე დღეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ლუგანსკის შეიარაღებული ძალები საომარ მდგომარეობაში არიან. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას ლუგანსკის ტერიტორიაზე სამშვიდობოების შეყვანის თხოვნით მიმართა.
„დღეს დილით, 4 საათზე, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სახალხო ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ აგრესიის აქტი ჩაიდინეს. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა მოგმართავთ თხოვნით, რომ შემოიყვანოთ სამშვიდობო ძალები“,- ნათქვამია ბოლოტოვას განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები