ბახტაძე “შავი სიიდან” მოქალაქეების ამოღებაზე: მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ არა მათი მხარდაჭერა, გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია

„სიღარიბე არის საქართველოს მტერი, ის ერთობლივი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით მაქსიმალური ენერგია იყოს მობილიზებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმ ერთჯერად სოლიდარობის აქტზე ისაუბრა, რომელსაც „შავი სიიდან“ მოქალაქეების ამოღება ჰქვია. მან „ფონდ ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ფონდის გარეშე, ამ პროექტის განხორციელება გაუჭირდებოდა.
„თუ ჩვენ შევხედავთ ჩვენს ეკონომიკურ სტრუქტურას, ნათლად ჩანს, რაში გვაქვს ყველაზე დიდი ჩამორჩენა. სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რომლითაც ქვეყანა ცდილობდა, თავისი კონკურენტუნარიანობა განევითარებინა და ის არ აღმოჩნდა წარმატებული. რატომ?! იმიტომ, რომ მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რისი ცვლილებაც ჩვენ დავიწყეთ. დიახ, ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს. სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეჩეხეთ. იმ წესებით, რომელიც ჩვენ სამომავლოდ დავნერგეთ, გამოირიცხა, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე ასე არასამართლიანად აღმოჩნდეს ე.წ. შავ სიაში. მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? თითქმის 600 000-ზე მეტი ადამიანი იყო „შავ სიაში“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის ერთი მესამედი აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ვერც ერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ეს არის ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის პირველ იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 000 მოქალაქე, 600 000 ოჯახი ვალისა და „შავი სიის“ გარეშე შეხვდება. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“. რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „შავი სიიდან“ 580 000-ზე მეტი ადამიანია ამოღებული.
„დღევანდელი დღისთვის თითქმის 580 000-ზე მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან და, როგორც საზოგადოებას შევპირდით, 600 000 ქართული ოჯახი ახალ 2019 წელს ვალების გარეშე შეხვდება. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, გამოწვევები რჩება და ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას, რათა სხვა მსგავსი პრობლემებიც დროულად მოგვარდეს“,- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები