ბესელია კირკიტაძეზე: ვნახეთ კადრები, რაც ობიექტურ დამკვირვებელში არ უნდა იწვევდეს იმ განცდას, თუ რატომ მოხდა რეაგირება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუ არ მოხდებოდა რეაგირება, დავით კირკიტაძის ქმედებებზე, ეს იქნებოდა წამახალისებელი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის.
შესაბამისი შეფასება ბესელიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„რა გარემოებებიც იკვეთება კონკრეტული ეპიზოდიდან გამომდინარე და განსაკუთრებით, რა საფრთხესაც შეიძლება წარმოადგენდეს ესა თუ ის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენება, ამის მიხედვით უნდა მიიღოს მოსამართლემ გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ კადრები, რაც მე მგონია, რომ ობიექტურ დამკვირვებელში არ უნდა იწვევდეს იმ განცდას, თუ რატომ მოხდა რეაგირება. გაცილებით უფრო ძნელი ან შეუძლებელი იქნებოდა დასაბუთება, რომ არ მომხდარიყო რეაგირება ამ ფაქტებზე. ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი სხვა დანაშაულებრივი ქმედებისთვის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.