მამუკა ბახტაძე: საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ საუკეთესო მოდელი იმისა, რომ საქართველო იყოს წარმატებული
„ვფიქრობ, სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ საუკეთესო მოდელი იმისა, რომ საქართველო იყოს წარმატებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის 2018 წლის წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის საკონსტიტუციო მოდელი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
„აუცილებლად მინდა ვახსენო მართლაც ისტორიული რეფორმა – ჩვენ გადავედით ახალ კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩამოყალიბდა ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიად. ვფიქრობ, სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ საუკეთესო მოდელი იმისა, რომ საქართველო იყოს წარმატებული. ეს გახლავთ საკონსტიტუციო მოდელი იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამავე დროს, უკვე 2018 წელს საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ქალბატონ სალომეს ეს ღირსეული გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენ ჩვენი მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.