არქიტექტურული პრემია 2018-ის სპეციალური პრიზის მფლობელი კომპანია „არქიტექსი“ გახდა
მე – 13 საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ,,არქიტექტურული პრემია 2018“-ის სპეციალური პრიზის მფლობელი კოპანია „არქიტექსი“ გახდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე კომპანიის დამფუძნებელს და მის ხელმძღვანელს შალვა მელიქიძეს მუცოს ციხე-სოფლის განხორციელებული პროექტისთვის ჯილდო კონკურსის ორგანიზატორების ინიციატივით მიენიჭა.
კონკურსში, რომელიც “საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა” და ჟურნალი „STYLE“-ს ორგანიზატორობით წარიმართა, მონაწილეობას ქართველი და უცხოელი არქიტექტორები იღებდნენ. კონკურსის 10 ნომინაციაში გამარჯვებულები კანდიდატები 168 პროექტიდან შეირჩნენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუს“) ფინანსური თანადგომით წარიმართა. 5 ეტაპად განხორციელებულმა პროექტმა მოიცვა ციხე-სოფლის სამივე უბანი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდა ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში აღდგა 26 ციხე-კოშკი. განახლდა ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები. დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოეწყო თიხატკეპნილები.
ამავდროულად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მუცოს ციხე-სოფლის კონსერვაციის პროექტი უკვე წარადგინა „ევროპა ნოსტრას“ ევროპული მემკვიდრეობის კონსერვაციის საუკეთესო პროექტების კონკურსში. უწყების მიერ მომზადებულ საპრეზენტაციო დოკუმენტაციას საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალ წელს განიხილავს.
კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა. მუცოს აღდგენისა და გადარჩენის მასშტაბური პროექტი 2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.
მისი დასკვნითი ეტაპი კი ფონდი „ქართუს“ ფინანსური დონორობით წარიმართა. სარეაბილიტაციო პროცესის საწყისი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ 2014-2015 წწ განმავლობაში 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი კერძო საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ კი 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.