მამუკა ბახტაძე: გვსურს, გუდაური მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუდაურში ზამთრის სეზონის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ ზამთრის ეს კურორტი მსოფლიო მნიშვნელობის უნდა იყოს, რისთვისაც ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამართულად ფუნქციონირებაა საჭირო.
„სასიხარულოა, რომ ექვსი ახალი საბაგიროდან სამი არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, მნიშვნელოვანია, რომ კობი, გუდაური და სტეფანწმინდა ერთ კლასტერში განვავითაროთ. ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში. ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც წინა წლებში ყველას გვაწუხებდა.
ამასთან ერთად, მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც. თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტი, გუდაურის დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და ამისთვის საჭიროა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. წელს ჩვენ აღვნიშნავთ კურორტ გუდაურის 30 წლის იუბილეს და ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც 30 წლის წინ, ამ კურორტის განვითარების დასაწყისში, მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები საუკეთესო ყოფილიყო მსოფლიოში, ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ ამ გზავნილის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება.
დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით, საქართველო მართლაც დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული ზამთრის კურორტების ქვეყანა”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
გუდაური ახალ სეზონს ექვსი ახალი საბაგირო გზით ხვდება, რომელთა შორის ორი ძველი, ახლად რეაბილიტირებული გზაა.
ზამთრის სეზონის გახსნის ცერემონიაში მთავრობის მეთაურთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი და კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.