საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე კამპანია „არა ბულინგს“ ფარგლებში ბათუმში ხუთდღიანი ღონისძიებები დასრულდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის „არა ბულინგს“ დასასრულს ბათუმის ბულვარში ველომარათონი მოეწყო. აჭარის ველოსპორტის ფედერაციის მხარდაჭერით გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, და ველოსპორტის მოყვარულმა ბათუმელებმა მიიღეს.
კვირეულის ფარგლებში, დღესვე, ბათუმში არტ ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი მაიკლ გრანტი ესწრებოდა, 6 გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდა. პირველი, მეორე და მესამე ადგილები საჯარო სკოლის მოსწავლეების მედეა შაშიკაშვილის, ქეთი ესაძის და დათო თურმანიძის ნამუშევრებმა დაიკავეს, ხალხის რჩეული, სკოლის მოსწავლეების ლანა ცეცხლაძის, ერეკლე ცინარიძის და გიორგი მიქელაძის ერთობლივი ნამუშევრები გახდა, ხოლო ჟიურის სიმპათია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა დაიმსახურა. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები საქართველოს პროკურატურის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
კამპანია „არა ბულინგს“ 10 დეკემბერს დაიწყო. კვირეულის ფარგლებში საქართველოს შვიდ ქალაქში სხვადსხვა ღონისძიებები გაიმართა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ღონისძიებებზე, რაიონული პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, განიხილეს ბულინგის გამოხატვის ფორმები და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
კვირეულის ფარგლებში ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე გადაღებული ფილმების ჩვენება მოეწყო.
ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული თბილისში დასრულდება, სადაც მოსწავლეების მიერ თემაზე „არა ძალადობას“ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართება.
კამპანია „არა ბულინგს“ მიზანია არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები