თეკლა მელაძის „ოქროს გასაღები“ – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გამოფენას „ოქრო 999,9“ მასპინძლობს

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 17 წლის თვითნასწავლი მხატვრის, თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა „ოქრო 999,9“ გაიხსნა.
როგორც „კვირას“ თავად თეკლა მელაძემ განუცხადა, გამოფენაზე ერთი წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები  წარმოადგინა.

თეკლა მელაძე: „მინდოდა ისეთი რაღაც მომეფიქრებინა, რაც არავის შეუქმნია, მაგრამ არ ვიცოდი, ეს რა უნდა ყოფილიყო. ვიცოდი მხოლოდ ერთი, რაღაც ახალი, განსხვავებული მინდოდა, მანამდე ჩემ მიერ შესრულებულ ნამუშევრებთან შედარებით. მოკლედ „ოქროს გასაღები“ უნდა მეპოვა. მალე „ოქროს“ ეპითეტივე იქცა ამ ახირების სისრულეში მომყვანად და ვცადე ნამუშევრის შესრულება ერთ ფერში. 999, 9 ოქროს სინჯიც, გადატანითი მნიშვნელობით, შეესიტყვისება ჩემს 25 ნამუშევარს, რომელშიც არ მონაწილეობს არც ერთი სხვა ფერი – ფერწერულ ტილოზე დატანილია მხოლოდ ოქროს საღებავი, მხოლოდ ერთი ფერი თავისი რამდენიმე ტონით“.

გოგი ხოშტარია,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი:
„ჩემი, არცთუ ისე, მოკლე ცხოვრების განმავლობაში, მე საკმაო რაოდენობის ნიჭიერი, დამწყები ბავშვი თუ ახალგაზრდა მინახავს, იმ სფეროში, რომელსაც კერძოდ მხატვრობა ეწოდება. მაგრამ ასეთი ღმერთის მოწოდებული მონაცემები თითქმის არ შემხვედრია.
მას რა თქმა უნდა შეეძლო გაჩერებულიყო მიღწეულზე და დაეხვეწა თავისი მხატვრობა, მაგრამ შემოქმედებითი პოტენციით დაჯილდოებულ პიროვნებას, აქვს შინაგანი მოთხოვნილება სიახლის ძიების და იმედია, რომ იგი არ გადაუხვევს ამ გზას. კერძოდ, მე ამ ძიებებს ვხედავ მის ახალ სერიაში, რომელიც შესრულებულია ოქროს საღებავით. აშკარად ჩანს ახალი სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი. პირველ რიგში ეს გამოიხატება ოქროს საღებავის, მონოტონურ გამოყენებაში, რასაც შეაქვს სპეციფიკური განცდა, რომელიც სურათს აყენებს რეალობის და ირეალობის საზღვარზე. შეგვიძლია ახალგაზრდა ხელოვანის ამ მიმართულებას, რომელსაც იგი ქმნის, ვუწოდოთ ახალი მიმდინარეობა „მონოტონიზმი“.

რადიშ თორდია, მხატვარი:
„ძალიან მოულოდნელია ეს ოქროსფერი, ან საიდან მოუვიდა აზრად ოქროთი მორთვა. თითქოს უნდა, რომ მიმართულება ჩამოაყალიბოს, კიდევაც ჰქვია გამოფენას -ახალი მიმდინარეობის წარდგენა – მონოტონიზმი, რაც ერთფეროვნებას ნიშნავს.
ხომ ჩანს, რომ სულ ერთი ფერია, მაგრამ გახლეჩილ ბროწეულს რომ დიდხანს უყურებ,  რომ დააკვირდე, სხვა ფერებსაც დაინახავ… საოცარი იყო, უცებ თვალწინ ჩამიარა წითელმა ფერმა“.

გიორგი მელუა, მხატვარი:
„თეკლას უკვე ფერწერულ ტილოებს კარგად ვიცნობ, განასაკუთრებით პორტრეტებს. ჩემი აზრით, ამ შენთხვევაში მას უნდოდა რაღაც ახლის ჩვენება, ოქროს გამა-ტონებით. ამ ოქროს ფერებში ვხედავ რაღაც ჩაყურსულს, რომელიც მომავალში, ფიზიკურ ზრდასთან ერთად უფრო გამობრწყინდება, გამოიფრქვევა. უაღრესად ნიჭიერი მხატვარია. ბევრის მომცემი და საგნების ის მრავალფეროვნება, რომელიც მან წარმოგვიდგინა, ძალიან ბევრს მეუბნება პირადად მე. ეს არის ტიტანური შრომის შედეგი – მონოტონურობა ახსენეს აქ. ერთ ფერში წარმოსახო  ფერწერამდე აყვანილი ამდენი ნამუშევარი, მართლაც, საოცარია. შეიძლება ერთი ფერია, მაგრამ, ჩემთვის ის მაინც სავსეა ფერდოვნებით“.

რეზო (ემელიანე) ადამია, მხატვარი:

„ამას წინათ წერეთლის მუზეუმში თეკლას ჰქონდა პერსონალური გამოფენა, შესანიშნავი ფერწერული ნამუშევრები ვიხილე. აქ კი უკვე არის  საიხლე. ხელოვნებაში გამბედაობა დიდ რამეს ნიშნავს.
სიტყვის თქმაში თუ გამბედავი ხარ, იტყვი სიტყვას.  თუ შაბლონური და ჩვეულებრივი ხარ, ჩვეულებრივი იქნება შენი ხელოვნებაც. ეს ბავშვი გამბედავია მიდგომით, სიახლით, ძიებით… აქ არის  ქანდაკებურობაც, რელიეფურობაც, ფერწერული ოსტატობაც“…

თეკლა მელაძე ამბობს, რომ სამომავლოდ, ფერწერაში გააგრძელებს მუშაობას, ამ ნახატების პარალელურად ქმნის ფერწერულ ტილოებსაც, მაგრამ წინა გამოფენისგან განსხვავებით,  რაღაც ახლის შექმნა უნდოდა, და ფიქრობს, რომ გამოუვიდა კიდეც.
თეკლა მელაძის პერსონალური გამოფენა „ოქრო 999,9“ 15 დეკემბერს დაიხურება.

მე კი ამ წერილს, ისევ გოგი ხოშტარიას სიტყვებით დავამთავრებ – „მინდა წარმატება ვუსურვო თეკლას. საქართველოს მისი სახით ეყოლება კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავი, ისეთი როგორიც კოლხეთის, ატენისა თუ ყინწვისის მემკვიდრეს ეკადრება“. 


 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები