ემზარ კვიციანი: დღეისათვის, არც ერთი მეტრი მიწა უცხოელებზე არ გასხვისებულა
„დღეისათვის, არც ერთი მეტრი მიწა უცხოელებზე არ გასხვისებულა“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“საპარლამენტო წევრმა ემზარ კვიციანმა ბათუმში, იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა მიწის უცხოელების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია თბილისის შემდეგ, ბათუმის იუსტიციის სახლთან გამართეს.
აქციაში დეპუტატი ემზარ კვიციანიც მონაწილეობდა.
„გვინდა, გამოვუცხადოთ სოლიდარობა მათ, ვინც მეხუთე დღეა წვიმაში დგას თბილისში და აპროტესტებს ქართული მიწების გასხვისებას, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, არც ერთი მეტრი მიწა არ გასხვისებულა. ეს არის ძალიან დიდი დამსახურება პირველ რიგში, თვითონ იუსტიციის სახლის თანამშრომლების და შემდეგ, რა თქმა უნდა, იმ ხალხის, ვინც თბილისში ვდგავართ და ვაპროტესტებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ცნობისათვის, 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციები გაიმართა.