მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პირველი ქორეოგრაფიული ფესტივალი „თაობა – 2018“ გაიმართება

ეროვნული სასახლე იწყებს პირველ ქორეოგრაფიულ ფესტივალს „თაობა – 2018“. 15 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქორეოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში, „სამოსელი პირველი“ და თეა დარჩიას სტუდია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ წინასაახალწლო მიღებას გამართავს.
როგორც „კვირას“ ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ განუცხადა, ქორეოგრაფიულ ფესტივალზე კომპანია „სამოსელი პირველი“ წარდგება ტრადიციული ქართული ეროვნული სამოსის ჩვენებით. ფესტივალი გაიხსნება „სამოსელი პირველის“, თეა დარჩიას სტუდიისა და ეროვნული სასახლის ბავშვების ერთობლივი პერფორმანსით. შესრულდება ქართული სიმღერაც.
17 დეკემბერს, 18 საათზე კი, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ფესტივალის „თაობა – 2018“-ის გალაკონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების ანსამბლები, რომლებიც მაყურებლის წინაშე ფართო მრავალფეროვანი პროგრამით წარდგებიან. ანსამბლები – „ლაშქარი“, „იმედი“, „სიხარული“, „შევარდენი“, „ფერხული“, „ბასიანი“, „თამარიონი“, „კავკასიონი“ შეასრულებენ ქართულ ხალხურ ცეკვებს, წარმოადგენენ საინტერესო ქორეოგრაფიულ ნომრებს.
ქართული ფოლკლორული ცეკვის ფესტივალის მიზანია ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია, ქართული ფოლკლორული ცეკვისადმი საზოგადოების, ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება და სასახლეში მოქმედი ანსამბლების წახალისება. ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლების წევრი 6-დან 18 წლამდე მოზარდები.
ფესტივალის მონაწილეებს სიგელები, ხოლო ქორეოგრაფიულ ანსამბლებს – დიპლომები და სამახსოვრო ჯილდოები გადაეცემათ.

თიკა რუხაძე, ეროვნული სასახლის დირექტორი:
„ქორეოგრაფიას ყველაზე მეტი კავშირი აქვს ტანისამოსთან, კოსტიუმთან, მუსიკასთან, ყველაზე მრავალფეროვანი და სინთეზური ხელოვნებაა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქორეოგრაფიულ ფესტივალზე კოსტიუმის გამოფენა წარმოვადგინოთ.
ამით დავხურავთ ამ წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვუძღვნით ამ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ეროვნული ცეკვა, ქართული ეროვნული კოსტიუმი, ქართული მუსიკა და ქორეოგრაფია ერთად. ეს ყველაფერი ქართული ხელოვნების და ზოგადად ყველაფერ ქართულის პოპულარიზაციას ემსახურება.
კოსტიუმის გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და პარალელურად ქორეოგრაფიული ანსამბლების შიდადათვალიერებაც ჩატარდება.
ვინაიდან მასობრივ ღონისძიებას ვგეგმავთ, ძალიან დიდი ინტერესია და ჩვენი დარბაზი ერთდროულად 200 ადამიანს ვერ იტევს, ამიტომ დასკვნითი საღამო გრიბოედოვის თეატრში გაიმართება, სადაც ერთდროულად მაყურებლის წინაშე 8 ანსამბლი წარდგება.
ვფიქრობ, ასეთი პარტნიორობა სხვადასხვა საცეკვაო სტუდიასთან, ძალიან საინტერესო გამოვა. სასახლეში არიან გაზრდილები შემდგომში ქორეოგრაფიული ანსამბლების ქორეოგრაფები თუ მოცეკვავეები, ამიტომ მაღალი ჩართულობა იქნება, მენტორები ბავშვებს წაუკითხავენ ლექციას ქართულ ქორეოგრაფიაზე, მასტერკლასებს ჩაუტარებენ…
ეროვნულ სასახლეში ხუთივე ფესტივალს „თაობა“ ჰქვია. აქედან თეატრალური და კინოფესტივალი უკვე გაიმართა და მუსიკალური ფესტივალიც მთავრდება.
ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ მომავალი თაობა უფრო მეტად იყოს ჩართული ქართული ხელოვნების განვითარებაში. ის, რაც ტრადიციულია, რაც მათ ეროვნულ იდენტობას ხაზს უსვამს. ზოგადად ამისთვის არის საჭირო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები