გიორგი ახვლედიანი: „ნაცმოძრაობის“ ნარატივი, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია

საუბარიც არ შეიძლება ვადამდელ არჩევნებზე, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ არჩევნები სამართლიანი იყოს.
“საუბარიც არ შეიძლება ვადამდელ არჩევნებზე მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, რომელიც თავის დროზე სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა და რომლითაც მათ მრავალი წლის განმავლობაში, სისხლი წოვეს ამ ქვეყანას. „ქართულმა ოცნებამ“ მოირგო ეს დანაშაულებრივი, მანკიერი სისტემა, პროპორციულ- მაჟორიტარული სისტემის ნაერთი და შესანიშნავად გააგრძელა ამით ქვეყნის მართვა, ანუ დაბალი მხარდაჭერით პარლამენტში დიდი რაოდენობით ყოფნა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც, თუ არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, მაშინ ვადიანი იქნება ეს არჩევნები, თუ ვადამდელი, ჩვენ მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს, ზუსტად ისეთივეს, როგორიც მივიღეთ 2016-ში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო სულ რაღაც 48% საზოგადოების მხარდაჭერის, მაგრამ პარლამენტში შევიდა 80% დეპუტატებით.
ამ უსამართლობას რომ არ ეგუება საზოგადოება და კატეგორიულად ითხოვს, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე არასმთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ერთადერთი გამოსავალი დღეს, იმისათვის, რომ ჩვენი, ის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია არჩევნები – იყოს სამართლიანი.
ხელისუფლება ახერხებს მეორე ტურის მოგებას ბევრი კითხვის ნიშნით, საზოგადოებაში დიდწილად დაკარგა საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა. პირველმა ტურმა წარმოაჩინა, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს ის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა, რომელიც სჭირდება, რომ მართოს ქვეყანა. დგება ხელისუფლების ერთგვარი მორალური პასუხისმგებლობა, მან უნდა გაარკვიოს აქვს კი ისეთი მხარდაჭერა საზოგადოებაში, რომელიც მას ქვეყნის მართვისთვის სჭირდება. ამისთვის ვადამდელი არჩევნების საკითხი დგება”, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ლეგიტიმაციის საკითხს, ეს არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი, მათი რიტორიკაა. საზოგადოება ხედავს, რომ ამ რიტორიკით არ გამოდის სხვა არცერთი ოპოზიციური ძალა. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ შიდა ლეგიტიმაციის საკითხებს და გარე ლეგიტიმაციის თემას, არსად სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი არ დასმულა. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
ყველაზე ცუდი არჩევნები შეიძლება ეს არჩევნები არ ყოფილიყო, მე მახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ერთ-ერთი უბნის კომისიის წევრი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც გაყალბებულ ოქმს ხელს არ აწერდა, ჭაში ჩაკიდეს. არ ვხუმრობ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჭაში ჩაკიდეს და ეუბნებოდნენ არ ამოგიყვანთ აქედან და ბოლომდე წყალში ჩაგახრჩობთ თუ არ მოაწერ გაყალბებულ ოქმს ხელსო. აი, ასეთი არჩევნები მახსოვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იანვარში. ისეთი გაყალბებებით, როდესაც 50 ხმას მიიღებდა სააკაშვილი და წინ ერთიანს, ან ორიანს მიუწერდნენ, გამოვიდოდა 250 ხმა. ასე რომ, ძალიან რთულია ახლა იმაზე საუბარი, რომელი იყო უფრო გაყალბებული არჩევნები , “ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე ნაკლებად აქვს სალაპარაკო ამ თემაზე”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები