მარიამ ჯაში: 1 იანვრიდან მანდატურის თანამშრომლებს ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ

0

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ის მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაჯამა, რომელსაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვისწინებს.
ჯაშის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ინფრასტრუქტურულ კომპონენტს (150 მლნ ლარამდე). 80 მლნ ლარით დაფინანსება იგეგმება თბილისის სკოლებისთვის და მიმდინარე პროექტების დასასრულებლად, ხოლო 70 მლნ მუნიციპალიტეტებში პრიორიტეტული ახალი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, აღსანიშნავია, რომ დასრულდა 50 სკოლის მშენებლობა, მათ შორის 20 საჯარო სკოლა აშენდა მთლიანად სახელმწიფო რესურსით. მომავალ წელს ინფრასტრუქტურის ნაწილში გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ განსაკუთრებით პრიორიტეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია.
მისივე თქმით, მეორე უნიშვნელოვანესი სიახლე არის ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების მნიშნელოვანი ზრდა.
“ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან ერთად თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში.
ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვის შემდეგ, მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის პენსიის მცირედი ზრდაა გათვალისწინებული;
130-საჯარო სკოლაში დამატებით მოხდება მანდატურის თანამშრომლების აყვანა და 2019 წლის ბოლომდე მანდატურის თანამშრომლები უსაფრთხოებას დაიცავენ 588 სკოლაში. სკოლის უსაფრთხოების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. 1 იანვრიდან მანდატურის თანამშრომლებს ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ;
განახლებული პროექტით 30%-ით იზრდება სოციალური დახმარება იმ მასწავლებლებისა და ტექნიკური პერსონალისათვის, რომლებიც მუშაობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათი შრომა მართლაც რომ გმირობის ტოლფასია;
„სამშვიდოპო ინიციატივის ფარგლებში“ 200,000 ლარი არის გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად საქართველოს ავტორიზირებულ სასწავლებლებში;
პროფესიული განათლების დაფინანსება 2018 წელთან შედარებით იზრდება 20.3 მლნ-ით. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პირველად ხდება საჯარო და კერძო კოლეჯების ვაუჩერით სახელმწიფო დაფინანსების გათვალისწინება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. სახელმწიფო საშუალოდ 15,600 სტუდენტს დააფინანსებს მ.შ. 3,000-ზე მეტ სტუდენტს კერძო კოლეჯებში;
ასევე, მივესალმები, რომ კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ბიუჯეტი საერთო ჯამში 5 მილიონი ლარით მეტია 2018 წელთან შედარებით. საკონკურსო კომპონენტში გაიზრდება ინკლუზიური კულტურის, ინკლუზიური თეატრების დაფინანსება. ასევე კინოცენტრის საკონკურსო თანხა 1.4 მლნ ლარით განისაზღვრა.;
მინდა ხაზი გავუსვა და მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს და აფხაზეთის ა/რ მთავრობას, რომ საერთო ჯამში 300,000 ლარით გაიზარდა კულტურის კომპონენტის დაფინანსება და აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტურქტურაში შემავალი 4 ორგანიზაცია მიიღებს დამატებით დაფინანსებას. 50,000-50,000 ლარით გაიზარდა სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელას, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაფინანსება;
ქუთაისის საგანმანათლებლო და კულტურული ინფრასტრუქტურის საკითხი, კერძოდ ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ბიბლიოთეკის შენობების პრობლემაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა.
მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც პირადად ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისათვის განსაკუთრებთ პრიორიტეტულად რჩება.
1. გადასაწყვეტია ჩვენი ინტელექტუალური მემკვიდრეობის ფონდის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობის საკითხი
2. ასევე დაუყოვნებლივ გადასაწყვეტია არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობის საკითხი და კონკრეტული წინადადებები არსებობს აღნიშნული საკითხის გადასაჭრელადაც.
3 . მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის დაფინანსების საკითხის გადახედვაც. უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა დეპარტამენტი და მნიშვნელოვანია მათი შემდგომი ხელშეწყობა,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი