ნანა შაბათაშვილ-დავარის ორი სამშობლო…

ლეილა ნოდიასთან ერთად

თქვენ ნუ იდარდებთ ჩემს ამგვარ წასვლას…

ცოტა ხნის წინ, ისრაელი პოეტ ნანა შაბათაშვილი-დავარს გამოეთხოვა. მასთან ყოველი შეხვედრა კულტურის ზეიმი იყო. ეს პატარა წერილიც ორი ქვეყნის – ისრაელი-საქართველოს დიდი მეგობრობისა და პოეტის წასვლის გაუნელებელი სევდით დაიწერა.

,,მე რომ სიმღერა შევწყვიტო უცებ, ბინდმა გაკვეთოს წამი ელვარე,
ხელებს ვაზივით განფენილს გულზე, უკანასკნელად რომ შეხედავენ,
შევუერთდები შორეულ აღმართს, მთვარის შუქივით განფენილს ღრუბლად,
თქვენ ნუ იდარდებთ ჩემს ამგვარ წასვლას, მახსოვდა რადგან, ვიყავი სტუმრად“… – წერდა პოეტი ნანა შაბათაშვილი – დავარი… მაგრამ, აბა, როგორ არ ვიდარდოთ, როცა საიუბილეო საღამოსთვის ვემზადებოდით და სამოცდაათ წლამდე, სულ რაღაც ორი თვით ადრე, ჩაქრა მისი ვარსკვლავი… და ჩაიქროლა ამ წუთისოფლად, სევდის დედოფლის ცისფერმა ამალამ.
ვიცოდით მძიმე ავად რომ იყო და მისი ჯანმრთელობის შესახებ გულისფანცქალით ველოდებოდით ცნობებს ისრაელიდან. დუმილი არ სჩვეოდა. ხშირად გვეხმიანებოდა, სოციალურ ქსელში ფოტოს, ლექსს თუ სტატუსს შესაბამის კომენტარს უკეთებდა, გვეფერებოდა ყველას… მეგობარი ათობით კი არა, ათასობით ჰყავდა და ყოველთვის იქ იყო, სადაც იცოდა, რომ უნდა ყოფილიყო (თუმცა, ყველგან უგვიანდებოდა), იუბილეებზე, შემოქმედებით და ლიტერატურულ საღამოებზე, თუ თვითონ არ იყო ორგანიზატორი ან წამყვანი, ელოდებოდნენ, რადგან იცოდნენ, მისებრ სათქმელს, ისე მოგვისტებულად ვერავინ იტყოდა და ვერც სტატიად დაწერდა.

ვაჟა აზარაშვილი და ნანა შაბათაშვილი-დავარი

ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა, რაც გულით სურდა – პოეტური კრებულის გამოცემა, ვერ მოასწრო, მაგრამ თავის უმძიმეს დაავადებას შერკინებული შვილ-მომავლებზე, და-ძმაზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ორ სამშობლოზე ფიქრობდა და დარდით, მზრუნველობით თუ სიხარულით ავსებული გული ბოლო წუთამდე სიყვარულით უძგერდა.
ნანა თბილისის ცენტრში, კლდისუბანში დაიბადა და გაიზარდა. 71-ე საშუალო სკოლის შემდეგ თბილისის სამედიცინო სასწავლებელის ფარმაცევტული ფაკულტეტი დაამთავრა. მშობლებმა ადრე გაათხოვეს. თან შვილებს ზრდიდა, თან პედაგოგიურ ინსტიტუტშიც ჩააბარა გამოცდები და შემდეგ წარჩინების დიპლომიც აიღო. უფრო მეტიც, პარალელურად უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტის იურიდიული განყოფილების სრული კურსი გაიარა. ნიჭიერი, აქტიური, ხასიათიანი იყო ყოველთვის და სულ ცნობილ და მოღვაწე ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობდა. თბილისშივე, 1991 წელს, გამოიცა მწერალ ომარ გოჩელაშვილის რედაქტორობით და წინასიტყვაობით მისი ერთადერთი, მაგრამ საუკეთესო ლექსების წიგნი: ,,ქანაანიდან… ვიდრე მცხეთამდე“.  ნანა დავარის ,,… პოეტური სული მუდამ გაზავებული იყო ქართულ-ეროვნული და მშობლიურ-ებრაული ტკივილით. მისთვის ისრაელიც დედასამშობლოა და საქართველოც, ქანაანიც, მცხეთა-თბილისიც… აღთქმული ქვეყნისაკენ გამგზავრებულ პოეტ ქალს თან გაჰყვება ეს შესანიშნავი კრებული ლექსებისა – სევდის დედოფლის ცისფერი ამალა“.

შვილებთან ერთად

ნანა დავარი ოჯახთან ერთად, ოთხი შვილით, 1991 წელს, ისრაელში, თავის ისტორიულ სამშობლოში ავიდა… არ იყო ადვილი უცხო გარემოსთან შეგუება, ცხოვრების ხელახლა დაწყება, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი მოვიდა, მხოლოდ საქართველოს სიყვარულის გადაძლევა გაუჭირდა. ზოგჯერ აეროპორტშიც მისულა, რომ თბილისიდან ჩამოსულ მგზავრებს დახვედროდა, რომ ქართული სურნელი ეგრძნო. ისრაელში რაც კი ქართულ ენაზე ბეჭდვითი ორგანო იყო, თითქმის ყველგან თანამშრომლობდა, განსაკუთრებით ჟურნალ ,,დროშაში“ და გაზეთ ,,ალიაში“. შემდეგ რეჟისორ, ჟურნალისტ, დრამატურგ, მსახიობ ზური ბოთერაშვილთან ერთად სატირისა და იუმორის მუსიკალური თეატრი ,,ქნარი“ ჩამოაყალიბა. ალბათ, ხელოვნების, ქართული კულტურის დიდი ზეიმი იყო ამ ორი უნიჭიერესი ადამიანის ტანდემი.
როგორც კი გაიხსნა ე. წ. ,,რკინის ფარდა“, ქ-ნი ნანა ბევრჯერ ესტუმრა თბილისს. მისი ჩამოსვლა დღესასწაული იყო მეგობრებისთვის, ნაღდი თბილისელებისთვის.. თბილისის მერიამ ქართული კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა, საქართველოს მწერალთა კავშირმა – ანა კალანდაძის პრემია. იყო რამდენიმე საზოგადოების, ასოციაციის, კლუბის, აკადემიის წევრი. ხშირად იწვევდნენ პრესაში, რადიო-ტელევიზიაში, რადგან სათქმელიც ბევრი ჰქონდა და თან არაჩვეულებრივი რესპონდენტი გახლდათ მისი დახვეწილი ქართულით, მანერებით, საუბრის კულტურით.

ნანა შაბათაშვილი-დავარი შვილთან ერთად

ზუსტად ხუთი წლის წინ, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორმა და მსახიობმა ნანა ბერაძემ ნანა შაბათაშვილ-დავარის ლექსებზე შექმნილი მონო – სპექტაკლი – ,,რა უსასრულოდ, უსაზღვროდ ცივა…“ ჩამოიტანა ისრაელიდან, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის, მოგვიანებით კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზების სცენებზე წარმოადგინეს. ნანას გულმა არ მოუთმინა და კიდევ ერთხელ ჩამოუქროლა მის საყვარელ თბილისს და თბილისელებს.
შარშან კი, ქართველ ებრაელ პოეტთა ანთოლოგიის პრეზენტაციაზე ჩამოვიდა ,,გულთა კავშირის“ წევრებთან ერთად. სამწუხაროდ, ეს იყო მისი ბოლო შეხვედრა საყვარელ ქართველ ხალხთან, თბილისთან და საერთოდ, საქართველოსთან, რომელიც ყოველთვის სანატრელი და საოცნებო იყო მისთვის.
ყოველი მისი საქართველოში ჩამოსვლა სიხარულთან ერთად სევდიანიც იყო. იტყოდა ხოლმე, საქართველოთი ვცხოვრობ და მასთან განშორება ყოველთვის მიმძიმსო. ერთ-ერთი ჩამოსვლისას თავის საყვარელ უბანში მოინდომა წასვლა, სადაც დაიბდა და გაიზარდა. ეს საოცარი სანახაობა გახლდათ, ის თითოეულ ხეს, სახლს, კიბეს… ეალერსებოდა და ბავშვობისდროინდელ ეპიზოდებს, ამბებს, მშობლებს, მეზობლებს იხსენებდა… ჩამოსვლიდან მალევე აღმოჩნდებოდა უამრავ მეგობართა გარემოცვაში, ვინც კი გაიგებდა მის თბილისში ყოფნას, უსათუოდ მოძებნიდა. ან სად დაიმალებოდა, როცა რადიო-ტელევიზიებში მისი ხმა ისმოდა, პრესა მასზე წერდა, ყველგან შეხვედრებს უწყობდნენ…

გორის უნივერსიტეტში

მეგობრები ერთმანეთს ეცილებოდნენ სახლში რომ წაეყვანათ. ნანასაც არავის წყენინება არ უნდოდა და იბნეოდა, მითუმეტეს, თუ დელეგაციასთან ერთად იყო ჩამოსული. ამიტომ ხშირად მისი სასტუმროს ნომერი და ჰოლიც კი, ვერ იტევდა მის სამეგობროს და ზოგჯერ, საუბარში დრო ისე გასულა, თბილისურ მტრედისფრად შეფერილ ალიონს ერთადაც შევხვედრივართ. ნანა იყო თბილისელი მეგობრების გამაერთიანებელი. მისი გაცნობილი ადამიანები, შემდეგ თვითონ ხდებოდნენ განუყრელი მეგობრები, რადგან თვითონ ნანა იყო დიდი სიყვარულის, სითბოს, ნიჭის ელვარების, გულწრფელი მეგობრობის სიმბოლო…
ნანას პოეზია ზღვასავით უკიდეგანოა, საინტერესოა, ამოუწურავია, ღრმაა, სადაც ურიცხვ მარგალიტებს იპოვით. ახლა, სამწუხაროდ, ბევრს ვერ ვისაუბრებთ ნანა შაბათაშვილ-დავარის გენიალურობაზე, რადგან ახლა გული ძალიან გვტკივა და ცრემლები გვახრჩობს, ახლა მხოლოდ წუთიერი დუმილის დროა და ისევ ნანას წუთისოფელზე დაწერილი ლექსი თუ შეგვეშველება:

შენ რა ტკივილი უნდა მასწავლო,
ან რით დამსაჯო, რომ ვიქცე მსხვერპლად,
რკინაც რომ ვიყო, ქვიშა ბაჯაღლო,
მაინც ამოვალ სიმღერად, ლექსად…
ჯერ შენ სიმღერა უნდა მაცალო,
თუნდაც გახსნილი იარა ერქვას
და ისე ჩუმად გარდამაცვალო,
რომ ვერ გავიგო სამყაროს შეცვლა.
სულ ჩვენთან იქნება მისი ქვიშა – ბაჯაღლო ლექსების და სიმღერების ცისფერი ამალა… და ალბათ, ბევრის სურვილს გავაცხადეთ: ნანა შაბათაშვილ-დავარს განუხორციელებელი დარჩა მისი რჩეული ლექსების კრებულის ,,ჰალელის“ გამოცემა. იმედია, ამას ჩვენ, მისი მეგობრები მაინც მოვესწრებით.

ლეილა ნოდია, 
გუბაზ მეგრელიძე

 

საქართველოს რუსთაველის საზოგადოება ისრაელში
ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები