ომბუდსმენი იუსტიციის სახლთან გამარულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

საქართველოს სახალხო დამცველი 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას შემაშფოთებლად მიიჩნევს და მას ქსენოფობიურს უწოდებს.
„აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის დაშვებას აპროტესტებდნენ, რომლის დროსაც ადამიანებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, შენობაში შესვლისას დაბრკოლებას უქმნიდნენ.
აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მქონე პირის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც.
აღნიშნული შემთხვევა ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, რასის თუ კანის ფერის გამო, ადამიანების კონკრეტული უფლებების შეზღუდვა მოჰყვეს. აქციის მონაწილეთა ქმედებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების წახალისებას, ასევე შეიცავს ადამიანების წინააღმდეგ ეთნიკური წარმომავლობის გამო ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“,- აცხადებს ომბუდსმენი.
ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეთა ქმედება გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეკრების ჩატარებისას აკრძალულია შენობების შესასვლელების ბლოკირება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, პროპორციული ღონისძიებების გატარების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აღეკვეთათ აქციის მონაწილეთა ქმედება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სრულად შეასრულოს დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და სამართალდამცავმა ორგანოებმა მსგავს ფაქტებზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება. ამასთან, აუცილებელია, რომ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს, მათ შორის, მოხდეს დანაშაულის სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ფაქტების არასათანადო შეფასებამ შესაძლოა წაახალისოს სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ ღირებულებებს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი