ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ რიგით მეათე სხდომა გამართა. სხდომის განსახილველ საკითხს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მიმდინარეობის გაცნობა წარმოადგენდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ჩატარებული კვლევების თანახმად, თამბაქოს კონტროლის მექანიზმები მოსახლეობის 95% მხარდაჭერით სარგებლობს და მონიტორინგის შედეგებმაც ცხადყო, რომ კანონის აღსრულება 96% სრულდება. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების კუთხით მაღალი შედეგებია, მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად გაგრძელდეს მონიტორინგის პროცესი, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად, იზრდება იმის შესაძლებლობები, რომ თამბაქოს მომხმარებლებმა კანონის ნორმები დაარღვიონ და ცივი კლიმატის გამო თამბაქო დახურულ სივრცეებში და აკრძალულ ადგილებში მოიხმარონ. „აუცილებელია, რომ კანონის აღსრულების პროცესში გაგრძელდეს ძალისხმევა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონიტორინგი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თამბაქოს მოხმარების შესახებ კონტროლი არ სუსტდება და მისი მონიტორინგი მუდმივად გაგრძელდება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.კომიტეტის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს კომიტეტში ინიცირებული ცვლილებების პროექტიც გააცნო, რომლის მიხედვითაც უფილტრო და ფილტრიან სიგარეტის აქციზის გადასახადი გათანაბრდება.
სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა,ლელა სტურუამ ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებზე გარკვეული დარღვევები ფიქსირდება, რაზეც შესაბამისი სანქციები გაიცა. მისივე განცხადებით, დარღვევების ნაწილი თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნების არ არსებობას, სატრანსპორტო საშუალებებში და საქალაქთაშორისო მიკრო ავტობუსებში თამბაქოს მოხმარების ფაქტებს შეეხება.
კანონის აღსრულების პროცესში არსებულ მიღწევებზე და ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მოსალოდნელ გამოწვევებზე ისაუბრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები პერიოდულ მონიტორინგს უწევენ რესტორნებში თამბაქოს მოხმარების შესაძლო ფაქტებს, თუმცა გართულებულია ე.წ.კუპეების შემოწმება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნულ ადგილებში თამბაქოს მოხმარების ფაქტების გამოსარიცხად რესტორნების ადმინისტრაციას და მოქალაქეებს საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
საკონსულტაციო საბჭოს დასასრულს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში გაწეული საქმიანობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მადლობის სიგელები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები