არმაზისხევში გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა

 2018 წელს არმაზისხევში  გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე მესაკუთრემ აწარმოა მიწის სამუშაოები, კერძო ბინათმშენებლობისათვის გაჭრა ქვაბული, რომლის ზომებია: სიგრძე- 23 მ, სიგანე- 17 მ, სიღრმე-3 მ. მიწის სამუშაოების შედეგად დაზიანდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის სამაროვანის ნაწილი. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსული უხვი ნალექების გამო გაშიშვლდა და დანგრევის საფრთხე დაემუქრა ქვაბულის ჭრილებში გამოჩენილ სამარხებს.
„ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, დადგინდა, რომ ქვაბულის ჭრილებში გამოვლენილ სამარხთა ნაშთებში აღმოჩენილი ინვენტარი პარალელებს პოულობს როგორც საკუთრივ მცხეთის, ისე ქართლის ტერიტორიაზე გამოვლენილ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სხვადასხვა სამაროვნებზე (წეროვანი, ნარეკვავი, სამთავრო და ა. შ), მოპოვებული სამარხეული ინვენტარი ზოგადად გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით უნდა დათარიღდეს. სამაროვანზე მიკვლეული სამარხეული ინვენტარი შესაძლებელია ორ ქრონოლოგიურ ჯგუფად დაიყოს: № 1-2სამარხები სავარაუდოდ უნდა დათარიღდეს ძვ.წ. XI-IX საუკუნეებით, ხოლო №3, №5 და № 6 სამარხები შესაძლებელია დათარიღდეს ძვ.წ. VIII-VII სს-ებით.
იმის გამო, რომ № 4-ე სამარხში ინვენტარი არ აღმოჩენილა, მისი დათარიღება ვერ მოხერხდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის სამაროვნის ნაშთებთან, რომლის შესწავლა მოხდა არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგიის სრული დაცვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შესაძლებლობა მიეცა, მოცემულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ.
არმაზისხევის არქეოლოგიური ველი მდებარეობს არმაზისხევისა და მდ. მტკვრის შესართავთან, მტკვირს მარჯვენა ნაპირზე, ერთ-ერთ ტერასაზე.
არმაზისხევი ახ.წ. II-IV სს. ქართლის ერისთავთა (პიტიახშთა) რეზიდენციას წარმოადგენდა. თუმცა ამ ტერიტორიაზე დადასტურებულია უფრო ადრეული და მომდევნო პერიოდის კულტურული ფენებიც: აღნიშნულ ტერიტორიაზე მიკვლეულია ენეოლითის პერიოდის ობსიდიანის იარაღის სახელოსნოს ნაშთები; გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ორმოსამარხები; II-IV და IV-IX სს-ით დათარირებული სამაროვნები. ძირითადი უბნის შუაგულში თავმოყრილია ერისთავთა და სხვა მდიდრული სამარხები, აგრეთვე II-III სს. დათარიღებული ღარიბული სამარხები.
არმაზისხევის ერისთავთა რეზიდენცია დღეს წარმოდგენილია აბანოს, სასახლისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთების, ერისთავთა და მათი ოჯახის წევრთა სამარხებით.
სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქეოლოგი ნიკოლოზ მაისურაშვილი“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები