ეკატერინე მიქაბაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე ბიზნესგარემოს ინკლუზიური განვითარების საკითხებზე ისაუბრა

„ძლიერი ეკონომიკა ძლიერი საზოგადოებისთვის – ინვესტირება საზოგადოებაში მდგრადი განვითარებისთვის”, – ასეთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციის მთავარი თემა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობს. კონფერენცია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები ესწრებიან.
როგორც “კვირას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის ერთ-ერთი დისკუსია ბიზნესგარემოს ინკლუზიურად სრულყოფის საკითხებს მიეძღვნა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, მიმდინარე რეფორმებსა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად დაგეგმილ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
თავის გამოსვლაში, ეკატერინე მიქაბაძემ განსაკუთრებული აქცენტი განათლებულ და კვალიფიციურ მუშახელზე გააკეთა, როგორც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაზე. მისი თქმით, აუცილებელია შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების სტრუქტურული გადაწყვეტა, რომელთა მოსაგვარებლადაც საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად, განათლების კომპლექსური რეფორმის შემუშავების პროცესშია. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, განათლების რეფორმის განხორციელებას მწარმოებლურობის ამაღლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების ადაპტაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე პროფესიული გადამზადების მოკლე და გრძელვადიან პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც მოამზადებს მუშახელს შრომის ბაზარზე დღეს არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროფესიული უნარების ასათვისებლად. მისი თქმით, სამუშაო ძალის გადამზადების პროგრამა მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითდასაქმებულთა რიცხვს.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა, ლიეტუვას ეკონომიკის ვიცე-მინისტრი მარიუს სკუოდისი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მიჰაილო ტიტარჩუკი და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები