“მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვიტა, რომ მიზანშეწონილი არ არის მთავრობისთვის მისი ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა“

„ვანო მერაბიშვილის საქმეზე თან მაქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის, მთავრობისთვის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სახელმწიფოს არანაირი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია და ამას ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს.
გარდა ამისა, სერგეენკომ ჟურნალისტებს ევროსასამართლოს მიერ მიღებული დასკვნა წარუდგინა, რომელიც მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალურად ამობეჭდა.
„ვანო მერაბიშვილის საქმეზე თან მაქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის, მთავრობისთვის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა. საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი და, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დაადგინეს, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა. ასევე დადებითად შეფასდა დაგეგმილი ცვლილება, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების ხუთზე მეტი დღით შენახვას გულისხმობს. წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი, ეს მე რაც ვნახე და თვითონ წავიკითხე, არ დავიზარე, ამოვბეჭდე და შემიძლია, მოგცეთ, თუ სურვილი გექნებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.
ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები