გიორგი ვაშაძე: თქვენ არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ არჩევნების პერიოდში, ყოველ კვირაში დავდიოდი კიევში

„თქვენ შესაძლოა, არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ არჩევნების პერიოდში, ყოველ კვირაში დავდიოდი კიევში“ – აცხადებს „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი გიორგი ვაშაძე და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაზე ჟურნალისტებთან საუბრობს.
მისი თქმით, უკრაინაში დიდი გუნდი ჰყავს, რომელთან ერთადაც ბევრ რეფორმას ატარებს.
„ანტიკორუფციული სასამართლო და ანტიკორუფციული ბიურო ჩვენი გუნდის შექმნილია. ასევე იუსტიციის სახლის იქაური ბრენდი და კიდევ სხვა ბევრი რეფორმა. რაც შეეხება პოროშენკოს, დიახ, წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული, რადგან ჩვენი გუნდის მიერ უკრაინის განვითარების სრულიად ახალი გეგმაა შემუშავებული, აბსოლუტურად ინოვაციური და განსხვავებული, რაც არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით არ გაკეთებულა და რამაც დიდი მოწონება მოიპოვა, მათ შორის პოროშენკოს მხრიდან. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ძირითადად საქართველოში ვიქნები, აქედან ვერ გამაგდებთ. მე პოროშენკოსთან ვთანამშრომლობდი. თქვენ შესაძლოა, არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ არჩევნების პერიოდში, ყოველ კვირაში დავდიოდი კიევში“, – განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტებმა ვაშაძეს ჰკითხეს, ხომ არ შეუშლის ხელს მასა და პოროშენკოს ურთიერთობას ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაშია.
„ეს ცნობილი იყო წლის დასაწყისშიც და ცნობილი იყო შარშანაც. ერთ წელზე მეტია, სააკაშვილი პოროშენკოსთან ოპოზიციაშია. ამასობაში შევქმენით ანტიკორუფციული სასამართლო. პოროშენკომ ხელი სწორედ ჩვენს კანონს მოაწერა. ამაში ახალი არაფერი არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები