დონბასის მოვლენებთან დაკავშირებით რინატ ახმეტოვი საგანგებო განცხადებას აკეთებს

    დღეს მარიოუპოლელებს მშვიდობის მარშის ჩატარება უნდოდათ. როგორც მითხრეს, აქციაზე 50 000 ადამიანზე მეტი მივიდა, და ეს მხოლოდ მარიოუპოლში. დონბასში გამოსასვლელად კი დღეს მილიონობით ადამიანია მზად! რატომ? იმიტომ, რომ ხალხი შიშსა და ტერორში ცხოვრებით დაიღალა. დაიღალა იმით, რომ გამოდიან ქუჩაში და ტყვია ხვდებათ.
დონბასში ავტომატებით და ტყვიამფრქვევებით დადიან. ქალაქში ბანდიტიზმი და მაროდიორობაა. ეს არის მშვიდობიანი ცხოვრება, ძლიერი ეკონომიკა? განა ეს არის ღირსეული სამუშაო და ღირსეული ხელფასი? არა! სწორედ ამიტომ უნდოდა ხალხს მშვიდობის მარშზე გამოსვლა, მაგრამ დილით მითხრეს, რომ მარიოუპოლში ტყვიამფრქვევები გამოჩნდა, რომ მშვიდობიან ხალხს და მშვიდობიან აქციას დაცხრილვას უპირებენ. მე დაუყოვნებლივ დავუკავშირდი ჩვენი საწარმოების ხელმძღვანელობას და მოვუწოდე, შეეჩერებინათ მშვიდობის მარშში მონაწილეობა, რადგან ადამიანის სიცოცხლე მთავარი ფასეულობაა. მე არასოდეს დავუშვებ სისხლისღვრას. სწორედ ამიტომ მოვუწოდე აქციის შეჩერებისკენ. შეჩერებისკენ და არა გაჩერებისკენ, რადგან თუ ჩვენ გავჩერდებით დონბასში, შემდგომშიც დაიღვრება სისხლი! მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ ვერც ისინი, ვინც თავის თავს დონეცკის სახალხო რესპუბლიკას ეძახის.
მითხარით, იცნობთ ვინმე ამ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ წარმომადგენელს მაინც? რა გაუკეთებიათ მათ ჩვენი მხარისთვის? ავტომატებით ქალაქის ქუჩებში სიარული ამ დონეცკელების უფლებების დაცვას ნიშნავს, თუ მაროდიორობა არის მათი ბედნიერებისთვის ბრძოლა? არა, ეს ჩვენი ქალაქის მცხოვრებლების წინააღმდეგ ბრძოლაა, ეს – დონბასის გენოციდია! მე არ დავუშვებ დონბასის განადგურებას. მე აქ დავიბადე და ვცხოვრობ, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, უიარაღოდ, ნიღბების გარეშე გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში.დღეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა რკინიგზა დაიკავეს. მათ ამით დონბასის გული გააჩერეს, რადგან დონბასის მრეწველობა ურკინიგზოდ ვერ იარსებებს. გამოდის, რომ დონბასიც ვეღარ იარსებებს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, გამოდით ხვალ საპროტესტო აქციაზე. იგი ხვალ, შუადღით, საყვირის ხმით დაიწყება და ეს საყვირის ხმა იქნება ყოველდღე,12 საათზე, ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს. მოვუწოდებ ასევე მძღოლებს და მემანქანეებს, შეუერთდნენ ამ აქციას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fwQBm7IPijA&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები