გიორგი გახარია “ლიხაურის სპეცოპერაციაზე”: მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც მოტივის გამოკვეთის პროცესშია

„დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც მოტივის გამოკვეთის პროცესშია“, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის მოქალაქეების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, სენსიტიურობიდან გამომდინარე, გამოძიების სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ვინაიდან საქმე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, გამოძიება მეტად პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს.
„საერთოდ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, კონცენტრირებულად, ჯგუფურად და შემდგომ უკვე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ აღმოვაჩინეთ იარაღით, რა თქმა უნდა აქ უკვე ყველა სახის ეჭვი გაჩნდა. თუმცა, დღეს ჩვენ არაფერზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მიმდინარეობს, ჩვენ რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობთ, ვნახოთ რა შედეგები იქნება. ეს არის პროცესი და ჩვენ ვადგენთ მოტივს. გარდა ამისა, ეს არის ძალზედ საპასუხისმგებლო გამოძიება და ჩვენ თითოეულ სიტყვას და ფრაზას ვზომავთ. არსებობს გარკვეული ეჭვები მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ, დაკითხვების დროს განაცხადეს, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის თბილისში. არსებობს ეჭვები, მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს მხოლოდ ეჭვია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, სად მიგვიყვანს ეს გამოძიება ვნახოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირველი – ესენი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მეორე – ჩვენ აქედან გამომდინარე და ძალზედ სენსიტიურობიდან და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად ვზომავთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოძიების პროცესში ვართ და როგორც კი, კონკრეტული შედეგები გვექნება, პირველი თქვენ გაიგებთ. დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს და მოტივის გამოკვეთის პროცესშია. ჩვენ გვაქვს როგორც ფაქტი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ 27 ნოემბერს, უკრაინის მოქალაქეებს, ჯგუფურად თბილისში ვიზიტის დროს. ეს არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ შს თანამშრომლებმა თბილისში, 2 დეკემბერს, ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს 7 პირი დააკავეს, მათ შორის უკრაინის 6 მოქალაქე და საქართველოს – 1 მოქალაქე. მათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდება წაუყენეს.
„სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს”, -აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები