გიორგი გახარია მართლწესრიგის ოფიცრებს: თქვენი ყველაზე დიდი მიზანი მოქალაქეებზე ზრუნვაა, ხოლო ყველაზე დიდი მისია-პრევენცია

მოგეხსენებათ, რომ შსს-ს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი კრიმინალური პოლიციის რეფორმაა”,-ამ სიტყვებით მიმართა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს 365 შერჩეულ მართლწესრიგის ოფიცერს. მისი თქმით, ოფიცრები პირველ ნაბიჯებს დგამენ იმ ხიდის აღდგენასა და გამყარებაში, რომელსაც ნდობის აღდგენა ჰქვია პოლიციასა და მოქალაქეებს შორის.
„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. შსს-ს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი კრიმინალური პოლიციის რეფორმაა, კონკრეტულად კი მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. თქვენი პირველი ნაბიჯებია იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. თქვენი ყველაზე დიდი მიზანი გახლავთ – იზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ყველაზე დიდი მისია კი – პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული.
​მინდა მოგახსენოთ, რომ მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ეს არის ის კომპონენტი, რომელზეც ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება უნდა იყოს დამყარებული. თქვენ უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი აღგიქვამდეთ მათზე მზრუნველ მეგობრად. ეს არის უდიდესი ღირსება და მსახურება და მინდა გისურვოთ ამაში წარმატება.
ასე მინდა გითხრათ, რომ კრიმინალური პოლიცია, მთლიანად შსს ყოველდღიურად თვალყურს ადევნებს თქვენს განვითარებას, თქვენს წარმატებას. ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები იქნება წარმატებული და ღირსეული. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა გისურვოთ ღირსეული მსახურება, ამ ქალაქისა და ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები