ეკა ბესელია გრიგოლ ვაშაძეზე: რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან?!

“რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა?!” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიმართვას, რომლითაც ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.
ბესელიას თქმით, არჩევნების მეორე ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხს წარსულში დაბრუნება არ სურს.
„ბატონ ვაშაძეს მინდა ვუთხრა, ხალხს, რომელსაც კრიმინალებს და ქურდებს უწოდებს, იმ ხალხს, მილიონ-ნახევარ ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს არ დაბრუნდება, პატივი სცეს. ვიდრე სხვას დაუწუნებს ენას, თვითონ გამართოს ლექსიკა გრამატიკულადაც, შინაარსობრივადაც და კრიმინალებს, ქურდებს ნუ უწოდებს იმ ადამიანებს, იმ ამომრჩევლებს, რომელთა პრეზიდენტობასაც აპირებდა.
რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია უკვე, რაც „ნაციონალური მოძაობის“ სურვილებზე, ოცნებებზე და ამსტერდამიდან დადგენილ გრაფიკზე ან სცენარზე არ დადის. ქართველმა ხალხმა უმრავლესობით, კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ უნდა მას მოძალადე რეჟიმი, კრიმინალური, ძალადობრივი, სასტიკი მეთოდებით ქვეყნის მართვა. ეს კიდევ ერთხელ გააკეთა ამ არჩევნების დროს. ასე რომ, კეთილი ინებონ, გააცნობიერონ ეს რეალობა, დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ. დიალოგი გვექნება ხალხთან, მოსახლეობასთან ყველა საკითხზე, ყველა წუხილზე და პრობლემაზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ. რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი და რუსეთის ინტერესების პირველი გამტარებელი. რა დიალოგი შეიძლება ამ ადამიანებთან ვაწარმოოთ? დიალოგი გვექნება მოსახლეობასთან, მუდმივ რეჟიმში და იმ საკითხებზე, რომლის გამოც მეორე ტურში ფეხზე დადგა მთელი ქვეყანა და მართლაც გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთხელ, ქვეყნის მომავლისთვის მიეცათ ხმა. ეს არის რეალობა.
დღეს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები, დასავლელი ლიდერები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და პრაქტიკულად ყველა ლიდერი აღიარებს ამ არჩევნების დემოკრატიულობას და ულოცავს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ამ ფონზე, რასაც ახლა ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არის ძალიან კომიკური. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია ან ქაოსი გამოიწვიოს. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი განვითარება და აღარ სჭირდება წარსულში დაბრუნება“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები