ვოლსკი სპეცოპერაციისას დაკავებულებზე: ვფიქრობ, რომ მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რომელსაც აანონსებს სააკაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულები საქართველოში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ამის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი ცალკეული პარტიების ლიდერებმა არც იცოდნენ.
“ფაქტია, რომ დაჭერილები არიან ადამიანები, ვინც არ არიან აქ ჩამოსულები ტურისტებად. ისინი სპეციალურად წვრთნაგავლილი ადამიანები არიან – მებრძოლები, შესაბამისი იარაღით და საბრძოლო მასალებით. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. მე ვფიქრობ, რომ მათი ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ მიტინგებთან, რომელსაც აანონსებს სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეთ წოდებულმა ლიდერებმა, რომლებიც დღეს რუსთაველზე არიან შეკრებილი, ბევრმა მათგანმა ამის შესახებ არც იცის”, -განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ისინი ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებული. დაკავებულებს შორისაა დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო – ლუკა ჩხეტია, რომელიც ოჯახის წევრების განცხადებით, თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები