ნიკა მელია: ხელისუფლებას მოუწევს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაც და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა

“არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევს.
„ჩვენ გვაქვს გამოსავალი – ან მივდივართ სახლებში და ფარ-ხმალს ვყრით ან ვიბრძვით ბოლომდე. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი, არ იქნება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. ხალხნო, ეს არის ღირსების საკითხი, ღირსების არჩევნებია. ბევრი არჩევნები წაგვიგია, მაგრამ გვიღიარებია, გვითქვამს, რომ წავაგეთ, მაგრამ ეს არჩევნები ხალხმა მოიგო და ხალხს წაართვეს. ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. არ გვაპატიებს არც აწმყო, არც მომავალი, თუ არ დავიცავთ ჩვენს არჩევანს.
ჩვენ ვსაუბრობდით მთელი კამპანიის განმავლობაში, რომ მოგვეცით ხმა და დავიცავთ თქვენს ხმებს, ხმების დაცვის პროცესი ახლაც გრძელდება. ახლა არის დრო, როდესაც უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას ვაკეთებთ. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ. არ გავცდებით კონსტიტუციის ფარგლებს. კონსტიტუციის ყველა მუხლის დაცვით, ვიქნებით ჰიპერაქტიურები და სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის სამსახურში ვერ მოვაწყობთ, ვერ დანიშნავს, მას აუცილებლად მოუწევს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაც და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაც. თუ არადა, აგერ ვნახავთ, ძალიან მალე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები