შსს დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით: საპოლიციო ძალები მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო პროვოკაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უწყება დღეს, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავს.
“რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში, მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, -აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციას გამართავს. გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაში აცახდებენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.
აქცია 15:00 საათზეა დაანონსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები