დავით მაჭავარიანი ქუთაისის ინციდენტზე: არანაირ პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა ეს კონფლიქტი-არაფერ შუაში ვარ

ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მონაწილე, დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი აცხადებს, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა. მაჭავარიანის თქმით, მის მეგობარს, რომელიც საქმეზე სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მას ჰქონდა რეაქცია. მისივე თქმით, მის მეგობარს, რომელიც დაკავებულია, სახეზე დაზიანება აქვს.

„არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის, მათ გინებაზე ჰქონდა საპასუხო რეაქცია, გაბრაზება. არ ვიცი, რისთვისაა დაკავებული“, – აცხადებს დავით მაჭავარიანი.

მისივე თქმით, თავად ინციდენტის მონაწილეებს მხოლოდ აშველებდა.

„სასამართლომ ვადა მომცა, რომ დამატებითი მტკიცებულებები წარმოვადგინო. მილიონი სათვალთვალო კამერით და ძალიან ბევრი მოწმის ჩვენებით ისედაც დამტკიცებულია, რომ არაფერ შუაში ვარ. არანაირ პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა ეს კონფლიქტი და სასაცილოა ამაზე საუბარი. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ კონფლიქტის დაწყების დროს. როცა დავინახე, რომ ჩოჩქოლი იყო, თბილისში დაბრუნების საკითხს ვარკვევდი, რადგან ერთი დღით ქუთაისის აეროპორტში გაჩერება მოგვიწია. ბერლინიდან ჩამოვფრინდით, სადაც კონცერტზე ვიყავით.

როდესაც ჩოჩქოლი დავინახე, გასაშველებლად მივედი. ცხოვრებაში პირველად ვნახე ის ადამიანი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა. მე აქეთ ჩემს მეგობარს ვაწყნარებდი, მონაწილეობა მხოლოდ გაშველებაში მივიღე. დავამშვიდე ეს ადამიანები და მორჩა ამით კონფლიქტი, უკნიდან მგონი კიდევ ვიღაცამ დამარტყა, ოღონდ არ ვიცი, ვინ. სისულელეა პოლიტიკური იარლიყების მიწებება. რა ძველი ბიჭები, რა დახვედრა, ცოტა მეტი სიყვარულით იყავით დაკავებული. გეყოფათ ეს ბოროტება. გამორიცხეთ დაპირისპირებები. ვიყავით იქ დაღლილი ადამიანები, რომლებიც უამინდობის გამო შეფერხებულ ბარგს ველოდებოდით“, – განაცხადა დავით მაჭავარიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამი მათგანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა, ერთზე კი სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები