„ახალგაზრდა ადვოკატები”: ახალი პრეზიდენტის მოკავშირე უნდა გახდეს დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი, საჭიროა თანაბარი დიალოგი

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მომავალი პრეზიდენტის განცხადებები სამოქალაქო დიალოგის აუცილებლობასა და დემოკრატიულ პროცესებში, ხალხის თანამონაწილეობის გაზრდაზე, ახალი პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც საერთო მხარდაჭერით და საჯარო ინტერესის თემებზე ფართო დისკუსიით, უნდა იქნეს მიღწეული.
როგორც “კვირას” “ახალგაზრდა ადვოკატებიდან” აცნობეს, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჭიროა, საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი პლატფორმა შექმნას, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი სამეცნიერო, აკადემიური და ექსპერტული საზოგადოება, ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კვალიფიციური აზრის წარმოდგენას და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში, პრეზიდენტის მოკავშირე სწორედაც სამოქალაქო საზოგადოება იქნება.
“​ახალმა პრეზიდენტმა უნდა შეცვალოს სამოქალაქო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წესიც და თანამშრომლობა დააფუძნოს ყველა ორგანიზაციასთან, საზომი გახდეს მათი გამოცდილება, კვალიფიციურობა და საქმიანობის მიმართულებები, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში, უზრუნველყოფილი არ იყო. „ახალგაზრდა ადვოკატები“ სალომე ზურაბიშვილს ორჯერ შეხვდა – 2016 წელს, როდესაც გაეცნენ სისტემური დანაშაულის საქმეებზე არსებულ სასამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკას და ჩამორთმეული ქონების ნამდვილი მესაკუთრეების წინაშე მდგარ პრობლემებს და 2017 წელს, როდესაც ცნობილი გახდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების ფარგლებში, ორგანიზაციის მიგნებები, სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები.
ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს შეასრულებს სამართლიანობის აღდგენის პროცესში, გადაიხედება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელი პოზიციები საერთო სასამართლოებში ყველა იმ საქმეზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარეა და ადგილი აქვს სისტემური დანაშაულის საკითხებზე რესტიტუციის თუ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნებს, ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის დღევანდელი პროცესები სისტემური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართ, სრულიად გაუმართლებელი, შეუფერებელი და მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამართლიანობის აღდგენის პრინციპების საწინააღმდეგოა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სალომე ზურაბიშვილს წარმატებულ მოღვაწეობას უსურვებს და საქართველოს პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ინსტიტუციური თანამშრომლობის ინტერესს გამოთქვამს”,-ნათქვამია “ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები