გიორგი გახარია: მაქსიმალურად ვეცდებით, დროულად მოვუგვაროთ მოსახლეობას ის პრობლემები, რაც ამ სტიქიის შედეგად მიადგათ

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა. მინისტრი სამეგრელოში გუშინ ღამით გაემგზავრა, მოსახლეობას დილიდან ხვდება და მათთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა.
“ყველაზე მძიმე მდგომარეობა დღეს აქ არის, დევნილთა დასახლებაში. სამწუხაროდ, სტიქიამ დააზიანა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილი, მათი საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვეცდებით, წვიმისგან დავიცვათ ეს ხალხი და უახლოეს მომავალში, დაიწყება სარემონტო სამუშაოები. იქნება ეს ყველაფერი კონტროლზე აყვანილი, რომ არ მოხდეს ამის დროში გაჭიანურება და ისედაც განსაცდელში მყოფ ადამიანებს, სტიქიის შედეგად, დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ. მაქსიმალურად ვეცდებით დროულად მოვუგვაროთ ის პრობლემები, რაც ამ სტიქიის შედეგად მიადგათ.
სენაკშიც მსგავსი მდგომარეობაა, იქაც, დევნილებით განსახლებულ კორპუსში, სახურავი დაზიანდა. ზუგდიდში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა მსგავსი მდგომარეობა. კერძო სახლებიც დაზიანდა და სწრაფად მივეხმარებით.
ფოთშიც მძიმე სიტუაციაა, რამდენიმე საბავშვო ბაღია დაზიანებული, ფანჯრებია ჩამსხვრეული და საფარია გადახდილი. ახლა ფოთშიც ჩავალთ და ვნახავთ, რა ხდება ადგილზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვიცე-პრემიერი უკვე იმყოფებოდა სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ძლიერი ქარისგან ზიანი მიადგა. შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან. ვიცე-პრემიერი სამეგრელოს რეგიონში დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს და ის სტიქიისგან დაზარალებულ ყველა ლოკაციას პირადად მოინახულებს.
შეგახსენებთ, ძლიერმა ქარმა გუშინ, დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად, დაზიანდა ელექტროსადენები, ძირიანად მოგლეჯილი და წაქცეულია ათეულობით ხე.
გუშინვე, სამეგრელოს რეგიონში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც იღებდა დაზარალებული მოსახლეობის შეტყობინებებს და მათზე მყისიერად რეაგირებდა. სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები