ამერიკის საელჩო: არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება

ჩვენ ვეთანხმებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, აღმოფხვრას ეუთო-ს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი ხარვეზები.
„არჩევნები არის დემოკრატიის საფუძველი და ამ განწყობით ჩვენ ვეთანხმებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ასევე, სხვა ხარვეზებთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთო-ს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზები და მზად ვართ ამ ძალისხმევაში დავეხმაროთ მათ. შეერთებული შტატები და საქართველო არიან და იქნებიან ძლიერი პარტნიორები. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას, კეთილდღეობას, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარს ვუჭერთ, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და მზად ვართ, ჩვენს მეგობრებთან ერთად ამ ქვეყნის წარმატებისთვის ვიმუშაოთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები