ქანთარია: ხედავთ სალომე ზურაბიშვილს, თუ როგორ გამოიყურება BBC-სთან, საგარეო ფლანგზე ის, მართლაც უზადო იქნება

სალომე ზურაბიშვილი საგარეო ფლანგზე მართლაც უზადო იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნუკრი ქანთარიას თქმით, ხალხმა მშვიდობა, სტაბილურობა აირჩია და უარი თქვა არეულობაზე.
„მინდა, მივულოცო საქართველოს და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება. ცოტა ხანში მართლაც ყველანი დავრწმუნდებით, რომ ჩვენ ყველამ გავაკეთეთ სწორი და პრინციპული არჩევანი. თქვენ უკვე ხედავთ სალომე ზურაბიშვილს, თუ როგორ გამოიყურება ის BBC-სთან, Euronews-სთან, მისი პოზიციები უკვე დაფიქსირდა და ვფიქრობ, საგარეო ფლანგზე ის მართლაც უზადო იქნება. ძალიან საინტერესო პრეზიდენტი იქნება. არჩევანი ძალიან სწორია“, – განაცხადა ქანთარიამ.
ცნობისთვის, BBC-მ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
„ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, სადაც იტაცებენ ხალხს და ეს ხაზი ჩვენი ტერიტორიის სიღრმისკენ მოიწევს, სულ უფრო ახლოს თბილისთან; იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა რუსეთი უკრაინასთან მიმართებით, არ მგონია, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ახლა შეგვიძლია თანამშრომლობაზე გადასვლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „საქართველო პროევროპულ პოზიციას იკავებს და იმ შემთხვევაში, თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით, დაიწყებენ დიალოგს რუსეთთან, მაშინ რა თქმა უნდა საქართველო გვერდით არ დარჩება“.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები