დავით უსუფაშვილი: სააკაშვილთან ერთად ქვეყნის სწორი გზით წაყვანის არ მჯერა

ყოველგვარი დაუმორჩილებლობა, სადაც სააკაშვილი პირდაპირ, თუ არაპირდაპირაა მიკარებული, ესაა წარუმატებლობის ფორმულა; ეს არის „ოცნების“ ხელისუფლების გახანგრძლივების ფორმულა, – ამის შესახებ „შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქცია”-ში საუბრისას განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქვეყნის სწორი გზით წაყვანის არ სჯერა.
„ყოველგვარი დაუმორჩილებლობა, სადაც სააკაშვილი პირდაპირ, თუ არაპირდაპირაა მიკარებული, ესაა წარუმატებლობის ფორმულა; ეს არის „ოცნების“ ხელისუფლების გახანგრძლივების ფორმულა.
მე სააკაშვილთან ერთად ქვეყნის სწორი გზით წაყვანის არ მჯერა.
ამიტომ, თუ ისიც რამე ისეთს ამბობს, რაც მეც მგონია, რომ სწორია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელჩაკიდებული ვივლით იქით. იმიტომ, რომ სააკაშვილისთვის ხელის ჩაკიდება ნიშნავს, იმ სწორი გზიდან იქით გადაგდებას.
და სხვათა შორის, სწორედ სააკაშვილის სინდისზეა ის, რომ ჩვენ 2020 წელს კონსტიტუციაში პროპორციული არჩევნები არ გვიწერია. რადგან სწორედ მან აუკრძალა “ნაცმოძრაობის” დეპუტაციას, როდესაც ჩვენ ეს კანონპროექტი ინიცირებული გვქონდა ჯერ კიდევ 4 წლის წინ.
სალომე ზურაბიშვილს, მე ვუსურვებ, კარგ პრეზიდენტობას და ვეტყოდი, რომ მისი მხრიდან პროპორციული არჩევნების ინიცირება, იქნებოდა პირველი სწორი პოლიტიკური ნაბიჯი და მისი წვლილი აი ამ გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაში.
ჯერ კიდევ პირველი და შემდეგ მეორე ტურების წინ, მე არაერთი განცხადება გავაკეთე ვადამდელი პროპორციული არჩევნების შესახებ.
საქართველოში „ოცნების“ ხელისუფლება შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაციონალური“ მოძრაობით. შესაბამისად მე მხარს ვუჭერ იმ პროცესებს, რომელიც მიგვიყვნს „ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის დასასრულამდე, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს „ნაციონალური“ მოძრაობის და კონკრეტულად,, სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას.
სწორედ „ქართული ოცნების“ უგუნური პოლიტიკის გამო, დიახ, მათ შეძლეს ის, რომ „ნაციონალური“ მოძრაობა 2012 წლის ნიშნულზე დააბრუნეს.
ამის შემხედვარე, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ სერიოზული დასკვნები.
ამ პროცესშია სწორედ მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, ან ძალები, ამ პროცესში აუცილებელია ახალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრება. ამას კი სერიოზული მუშაობა სჭირდება.
სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული მილიონ ასი ათასი ხმიდან მინიმუმ ნახევარი, ესაა ერთჯერადი ხმა და მიცემული არა ზურაბიშვილისთვის, ან “ოცნებისთვის”, არამედ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ ანუ, მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანი არის ქვეყანაში რაღაცების შეცვლის მსურველი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები